მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გადაწია

5e8dc56c5d64e
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.20 16:38
949
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, COVID-19-ის ეპიდემიის გამო, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ორგანიზაციებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გადაწია. შესაბამისად, ბანკებმა და სხვა ორგანიზაციებმა საკუთარი ანგარიშები სებ-ს ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინონ. 

ეროვნული ბანკის განცხადება:

"COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები აუდიტირებულ წლიურ ანგარიშს ეროვნულ ბანკს წარუდგენენ არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და, აქედან გამომდინარე, კომპანიებისა და აუდიტორული ფირმების წინაშე არსებული სირთულეების გათვალისწინებით მიიღო.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოებსა და აუდიტორებს მოუწოდებს იხელმძღვანელონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მითითებებით.

დამატებით შეგახსენეთ, რომ 2020 წლიდან ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის ანგარიშგების "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა. აღნიშნულის ფარგლებში, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წლიური და ნახევარ-წლიური ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად წარედგინება. აღნიშნული ცვლილება ასევე 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის მომზადებულ წლიურ ანგარიშს შეეხება.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს განახლებული ბრძანება №78/04-ის და 2012 წლის 14 თებერვლის განახლებული ბრძანება №35/04-ის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ შემდეგ მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=704"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.