მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა დაიწყოს - ლაშა ქავთარაძე

63dcfecd7ca04
გიგა ბენია
03.02.23 16:32
879

ქვეყანაში ნომინალური ხელფასების ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია უფრო მაღალია, ვიდრე დასაქმებულების პროდუქტიულობის.

კობა გვენეტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია არ გადაიზარდოს ე.წ. ხელფასების სპირალში, როდესაც დასაქმებულები მოითხოვენ უფრო მაღალ ხელფასს, დამსაქმებლები კი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ და ამ ყველაფრის ფონზე ფასებიც იზრდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, GALT&taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელფასების ზრდა ერთჯერადი ფაქტორი იყო და წელს მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, ლაშა ქავთარაძემ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, რომ "ხელფასი-პროდუქტიულობის სპირალმა" მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკა არ უნდა განსაზღვროს.

"მართალია, მესამე კვარტალში მცირედით აღემატებოდა რეალური ხელფასის ზრდის ტემპი პროდუქტიულობას, თუმცა ეს საგანგაშო არ არის და ეს არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტრაექტორიის განმსაზღვრელი. არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა დაიწყოს",-განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ეკონომისტის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მარეგულირებელმა პოლიტიკას უნდა გადახედოს, ინფლაციის შემცირებაა. ლაშა ქავთარაძის თქმით, არსებული პოლიტიკის გახანგრძლივება თავდაცვითი რეჟიმი იქნება.

"გასული წლის მარტში, როდესაც სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ამბობდა, რომ ეს ინფლაციის შემცირების მიზეზი იქნებოდა. ვინაიდან, ახლა ფასების ზრდის ტემპი შემცირდა, ვფიქრობთ, მონეტარული პოლიტიკის შერბილება გაზაფხულიდან შესაძლებელია. მცირედი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია, რათა ლარში დაკრედიტება შედარებით ხელმისაწვდომი იყოს. თუ პროცესი გახანგრძლივდა, ეს უკვე თავდაცვითი რეჟიმი იქნება",- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა.

რაც შეეხება ინფლაციას. საქსტატის მონაცემებით, იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა.