მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა შესაძლოა სალიზინგო კომპანიების რეგულირება დაიწყოს

60c9bf51b1dea
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.21 13:20
1287
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების რეგულირებაც დაიწყოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც სალიზინგო სფეროს განვითარებისა და რეგულირებისთვის განსაზღვრავს წესებს. ლეჟავას თქმით, რეგულირების საბოლოო მოდელი კანონპროექტის შეჯერებით დადგინდება.

“სალიზინგო სექტორის განვითარებაზე მუშაობა მიმდინარეობს, აქ ეროვნული ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთ მხარეს, რომელიც სამუშაო ჯგუფშია ჩართული. სამუშაო ჯგუფში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა სალიზინგო კომპანიები, EBRD და სხვადასხვა სამინისტროები. სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ მოხდეს სექტორში არსებული გამოწვევების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და მისთვის საპასუხო რეფორმების დაგეგმვა, რათა შედარებით უფრო სწრაფად განვითარდეს ეს სექტორი.

მოხდება თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ამ სექტორის რეგულირება, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილი არ არის. განიხილება როგორც ზოგადად რეგულირების საჭიროება, ასევე რეგულირების სიმარტივის დონე. სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებას და ყველა ეს ინიციატივა ასახული იქნება საბოლოო კანონპროექტში, ეს შეეხება როგორც ზედამხედველობის საკითხს ასევე საადასახადო და სხვა საკანონმდებლო გამოწვევებს, რაც დღეს უდგას სექტორს,”- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

დღეისთვის საქართველოს სალიზინგო ბაზარზე ძირითადად წამყვანი კომერციული ბანკების შვილობილი სალიზინგო კომპანიები - “თიბისი ლიზინგი” და “საქართველოს სალიზინგო კომპანია” ლიდერობენ. კომპანიების ფინანსური ანგარიშის მიხედვით, პანდემიურმა ვითარებამ მათი მოგების მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა იქონია. 

სალიზინგო კომპანიების შედეგები 2020 წელს:

● “თიბისი ლიზინგი” - შემოსავალი ფინანსური და საოპერაციო ლიზინგიდან 2020 წელს 48.7 მილიონი ლარი, ზარალი 3.55 მილიონი ლარი;
● “საქართველოს სალიზინგო კომპანია” - კონსოლიდირებული შემოსავალი 2020 წელს 33.2 მილიონი ლარი, ზარალი 3.99 მილიონი ლარი;
● “ალიანს ჯგუფი ლიზინგი” - შემოსავალი 2020 წელს 0.87 მლნ ლარი, მოგება 0.1 მილიონი ლარი.