04.სექტემბერი .2019 14:05

სებ: მიკროსაფინანსოების რაოდენობის შემცირება აბსოლუტურად ბუნებრივია

views 212
უკან

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შეფასებისას საბანკო და არასაბანკო სექტორებში არსებული სიტუაცია შეაფასა. როგორც გვენეტაძე განმარტავს, არასაბანკო საფინანსო სექტორი საქართველოში რეგულირებული არ იყო, რაც ძალიან დიდ მოწყვლადობას ქმნიდა, ხოლო რეგულაციების შედეგად ბაზარი უფრო სანდო და გამჭვირვალე საფინანსო სექტორს მიიღებს.  

„ის კომპანიები, რომლებიც ელემენტარული ფინანსური წესების გარეშე ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებდნენ ფულადი სახსრების მოზიდვის ჩათვლით... მოგეხსენებათ, მაშინ, როდესაც ფინანსური სახსრების მოზიდვაა და თუ მათ განკარგვა წესების მიხედვით არ მოხდა შესაძლებელია, რომ ეს თანხები დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, ამ სექტორის (გულისხმობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) რეგულირება აუცილებელი იყო. იყო დრო, როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი კომერციული ბანკი იყო, ბევრი ბანკი კოტრდებოდა და თანხაც იკარგებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე კომერციული ბანკების სერიოზული რეგულირება დაიწყო მათი რაოდენობა შემცირდა.

ბანკები გახდნენ საიმედო, საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა გახდა და ეს არის სექტორი, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება, რომელშიც ინტერესი უცხოელი ინვესტორების არის ძალიან დიდი. იგივე პროცესი ხდება ახლა მიკროსაფინანსო სფეროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სექტორი ქვეყნისთვის აუცილებელია, მაგრამ აუცილებელი არის არა იმ მხრივ, რომ ასეთი ორგანიზაცია ბევრი იყოს, არამედ იმ მხრივ, რომ ეს იყოს საიმედო ორგანიზაცია, რომელიც წესების, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის შესაბამისად წარმართავს თავის ფუნქციონირებას. ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ სწორედ ამისკენ არის მიმართული“ - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საფინანსო სექტორის მიმართ მიდგომები თავიდანვე იყო და არის საკმაოდ რბილი.

„ჩვენც გვესმის, რომ სექტორმა გარკვეულწილად უნდა გაიაზროს, რა ცვლილებებია, ვის შეუძლია ამ სექტორში დარჩენა და ვის არა. უნდა იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თავისი ფუნქციების შესრულებას შეძლებენ. ასე, რომ რაოდენობის შემცირების პროცესი აბსოლუტურად ბუნებრივია. საბოლოოდ მივიღებთ სექტორს, რომელიც არის უფრო სანდო უფრო გამჭვირვალე და რომელშიც მომავალში ინვესტორების დაინტერესება იქნება უფრო მაღალი ვიდრე იყო“ - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა