მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ პროგნოზს არ ცვლის და ავიაემბარგოს შედეგად ეკონომიკაში $200-დან 300 მლნ-მდე დანაკლისს ელოდება

5db049598b442
ლიკა გურაბანიძე
23.10.19 17:00
912
„ვფიქრობ, დაახლოებით, ეს რიცხვი დარჩება. შეიძლება ოდნავ შეიცვალოს“, - ასე უპასუხა სებ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ე.წ. რუსეთის ავიაემბარგოს შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლო ზარალის პროგნოზსა და უკვე დამდგარ ფაქტს შორის სხვაობას შეეხებოდა.


შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის ზაფხულში გაკეთებული შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა ავიაემბარგოს გამო $200-დან 300 მლნ-მდე ზარალს მიიღებდა.

„ვფიქრობ, დაახლოებით, ეს ციფრი დარჩება. შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ იანვარ-სექტემბრის მონაცემებს ვუყურებთ, ცხრა თვეში წინა წლის ცხრა თვესთან შედარებით, ჩვენ დაახლოებით, 0.5%-იანი ზრდა გვაქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგვისტოს ბოლოს მაჩვენებელს ანუ რვა თვეს თუ შევადარებთ წინა წლის რვა თვეს, შემოსავლები შემცირებული იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა უკვე დაიწყო და ვფიქრობ, დაახლოებით, იმ ფარგლებში იქნება, რაზეც ჯამურად პროგნოზი გავაკეთეთ, მაგრამ თუ ცოტა განვაზოგადებთ, ტურისტული შემოსავლები არის მიმდინარე ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც არის სხვადასხვა პუნქტებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის ზრდა და გადმორიცხვები კვლავ კარგად გაგრძელდა, ვფიქრობთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისევ გაუმჯობესდება", - განაცხადა გვენეტაძემ.  


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. ავიაემბარგოს შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მიიღო. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება.