მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ს რეზერვების სამართავად სპეციალური სისტემის განახლება $6 მლნ დაუჯდება

628d0e10b0f25
ნინო ტაბატაძე
25.05.22 01:00
1919
ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების სამართავად სპეციალურ სისტემას აახლებს.

Wall Street Systems Sweden AB-ს მიერ დანერგილი საბანკო სისტემის ძირეული განახლება, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები ჯამში 6.099 მლნ დოლარი დაჯდება.

თანხიდან 2 534 000 დოლარი უშუალოდ სისტემის განახლებას მოხმარდება, 3 565 000 აშშ დოლარი დაიხარჯება Banking System for Central Banks-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც მოიცავს:

• პერმანენტულ დისტანციურ მხარდაჭერას;
• საჭიროების შემთხვევაში, ხარვეზების დისტანციურად ან ადგილზე აღმოფხვრას;
• პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რომელიც მოიცავს შესწორებებს, ადაპტირებებსა და ფუნქციონალობის გაუმჯობესებას და ა.შ.

მომსახურება მოიცავს როგორც სისტემის არსებული ვერსიის (რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს 30 მუდმივი ლიცენზიის მეშვეობით) მხარდაჭერას, ისე განახლებული სისტემის დამატებითი კომპონენტების ტექნიკური მხარდაჭერისთვის აუცილებელი დამატებით ე.წ. „გამოწერითი“ ლიცენზიების შესყიდვას.

შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ დღეს, სებ-ში არსებული ანალოგიური სისტემა წარმოადგენს Wall Street Systems Sweden AB-ს საკუთრებაში მყოფ და მის მიერ, სპეციალურად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მორგებულ რთულ და უნიკალურ პროგრამულ პროდუქტს. ამ სისტემას სებ-ი 2012 წლიდან იყენებს.

სებ-ი განმარტავს, რომ ათი წლის მანძილზე წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ, საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი განვითარების ფონზე, სისტემის განახლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ცენტრალური ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გადავიდა ახალ ვერსიაზე ან/და ამჟამად ახორციელებს განახლების პროექტს. სისტემის მოძველებული ვერსიის გამო, სულ უფრო რთული ხდება სიახლეების დანერგა ან ხარვეზების გასწორება, რადგანაც სიახლეები მორგებულია ახალ ვერსიებზე და არ არის თავსებადი ჩვენი ვერსიისათვის. არსებული ვერსიის დატოვება დროთა განმავლობაში ზრდის ბიზნესის უწყვეტობის რისკებს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების მართვის სფეროში საკუთარი ფუნქციების შესრულებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტებში ასევე ვკითხულობთ, რომ არსებული სისტემის ძირეული განახლების ალტერნატივად შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ახალი სისტემის დანერგვა, თუმცა ახალი სისტემის შემუშავების და დანერგვის მომსახურების შესყიდვა ხარჯებს მნიშვნელობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ სებ-ი ფლობს Wall Street Systems Sweden AB არსებული სისტემის გამოყენების მუდმივ (უვადო) ლიცენზიებს, რომლებშიც თავის დროზე 1 272 684 დოლარი იყო გადახდილი.