მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: სახელმწიფო ვალი საშუალოვადიან პერიოდში კრიტიკულ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება

5fe9f7b692395
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.20 19:41
660
2021 წელს საქართველოს მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს გადააბიჯებს, რაც ეკონომიკური თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება. ამის გამო, მთავრობა ვალდებულებას იღებს, მომდევნო წლების განმავლობაში ვალის ნიშნული ისევ 60%-ზე ქვემოთ ჩამოიყვანოს. 

სახელმწიფო ვალის გაზრდილი მაჩვენებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტთან დაკავშირებული დასკვის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც. დოკუმენტში ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი ზომები, რაც პოტენციური შოკების პირობებში ვალის კიდევ უფრო მეტად ზრდას აარიდებს ქვეყანას თავიდან. 

"ვინაიდან საშუალოვადიან პერიოდში ვალი კრიტიკულ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება, მნიშვნელოვანია, ამ მაჩვენებლის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა, რათა პოტენციური შოკის შემთხვევაში, მომავალში ვალის მდგრადობის რისკები არ წარმოიქმნას", - ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში. 

ეროვნული ბანკის დასკვნა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე:

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 15,428 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე ხარჯებისთვის 11,695 მილიონი, ხოლო კაპიტალური ხარჯებისა და წმინდა დაკრედიტებისთვის 3,733 მილიონი ლარია განსაზღვრული. წინა პროექტის მაჩვენებელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 1,153 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა, ძირითადად, მიმდინარე ხარჯებს (1,014 მლნ ლარი) შეეხო, თუმცა, ასევე, მატულობს კაპიტალური ხარჯები და წმინდა დაკრედიტება (139 მლნ ლარი).

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს საპროგნოზო ოდენობის 7.6 პროცენტზე არის დაგეგმილი მაშინ, როდესაც წინა პროექტით წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი 5.1 პროცენტი იყო. მაღალი დეფიციტი, ერთი მხრივ, გაზრდილი ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, ეკონომიკის აღდგენის პროცესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა დროებითი (2020-2021 წლები) ხასიათისაა, შემდგომში ეს პარამეტრი ეტაპობრივად მცირდება და 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3.1 პროცენტი) უბრუნდება.

წინა პროექტთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, პანდემიის დამაზიანებელი გავლენის შესარბილებლად, გარდაუვალია. ამავე დროს, სხვა თანაბარ პირობებში, ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკების გამოკვეთის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას ან მის გამკაცრებას მოითხოვს. თუმცა, პოლიტიკის გამკაცრება აღნიშნულ რისკებს სრულად ვერ გაანეიტრალებს. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ბიუჯეტის კანონით არის პროგნოზირებული, მიზანშეწონილი იქნება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დაგეგმილზე უფრო მაღალი შემოსავლების ხარჯზე.

რაც შეეხება მომდევნო წლებს, მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია მომავალში პროექტით წარმოდგენილი გეგმის მიხედვით განხორციელდეს, რათა დეფიციტის ზრდამ დამატებითი წნეხი არ შექმნას ინფლაციასა და ინფლაციის მოლოდინებზე.

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს. ეს ეროვნულ ბანკს საჭიროების მიხედვით სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის შერბილების საშუალებას აძლევს.

ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის გამო, 2021 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო საგარეო ვალდებულებების 2,515 მლნ ლარით ზრდაა. შედეგად, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 2021 წელს წინა წელთან შედარებით მცირედით იზრდება და 60.1 პროცენტის ნიშნულზეა მოსალოდნელი, თუმცა არსებული პროგნოზით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 60.0 პროცენტიან ნიშნულს კვლავ ჩამოცდება და შემდგომ წლებში ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს. პროგნოზირებული პარამეტრებით მთავრობის ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. თუმცა, ვინაიდან საშუალოვადიან პერიოდში ვალი კრიტიკულ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება, მნიშვნელოვანია ამ მაჩვენებლის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა, რათა პოტენციური შოკის შემთხვევაში, მომავალში ვალის მდგრადობის რისკები არ წარმოიქმნას",- ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.