03.მარტი .2020 19:10

სებ-ში საპენსიო სააგენტოს მიერ განთავსებული თანხა ერთ დღეში 236 მლნ ლარით შემცირდა

views 3202
უკან

სტატიის განახლება 21:00-ზე:

სახელმწიფო საპენსიო სააგენტო BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ შემცირდა სებ-ში მათ მიერ განთავსებული თანხა თებერვლის ბოლოს 236 მლნ ლარით, პასუხობს, რომ გასული თვის განმავლობაში, საპესიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და კომერციულ ბანკებსა და სებ-ში არსებულ ანგარიშებზე არსებული თანხიდან - 560 მილიონი ლარი სადეპოზიტო სერთიფიკატებში განთავსდა. 

ამასთანავე, ირკვევა, რომ სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ დროებით - ერთი თვის ვადით მთავარი საინვესტიციო ოფიცრის სტატუსი მიანიჭა დავით წიკლაურს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქციები განახორციელა. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნავს, რომ სადეპოზიტო სერტიფიკატების წლიური განაკვეტი 14.9%-ს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს განცხადება:

"საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე თვის განმავლობაში შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.9%, ინვესტიციების ვადიანობა კი გახლავთ 5 წელი. აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5 წლიან სარგებლეთან რომელიც 9.5%-ია),"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სტატია განახლებამდე:

სსიპ საქართველოს საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა მიერ სააგენტოში კონტრუბუციის სახით შეტანილ თანხას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში ინახავს. 2020 წლის 2 მარტის მდგომარეობით, მოქალაქეთა მიერ სააგენტოში განხორციელებული კონტრიბუციების ჯამური ოდენობა 615 მილიონ ლარს შეადგენს. 

თავად საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ ფონდის ჯამური ოდენობის შესახებ არის ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი. 

თავისმხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკში საჯარო მოხელეთა საპენსიო კონტრიბუციებიების განთავსება ხდება. თანხა საპენსიო სააგენტოს მიერ სებ-ში გახსნილ ანგარიშზე ირიცხება და მის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას სებ-ი ყოველდღიურად აახლებს და ასაჯაროებს

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 27 თებერვალს სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხა 254,398,515 ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის 28 თებერვალს კი ამ ანგარიშზე არსებული თანხა 235,995,869 ლარით ნაკლები იყო და ის 18,402,646 ლარს შეადგენდა. 

თავად საპენსიო ფონდის მთლიანი მოცულობა არ შემცირებულა (საუბარია საპენსიო ფონდის თანხის შიდა გადაჯგუფებაზე). სახელმწიფო საპენსიო ფონდის ზომა თვიდან თვემდე საშუალოდ 50-60 მილიონ ლარით იზრდება. 

სებ-ში საპენსიო სააგენტოს მიერ განთავსებული თანხის ოდენობა - ცხრილი:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა