17.აპრილი .2021 18:50

„სებ-თან მიმართებით ბიზნესმენების კრიტიკას ვერ გავიზიარებ“ - გიორგი კეპულაძე

„სებ-თან მიმართებით ბიზნესმენების კრიტიკას ვერ გავიზიარებ“ - გიორგი კეპულაძე
views 356
უკან

როდესაც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები შემცირებულია და ფაქტობრივად განულებულია სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო - ტურიზმი, მხოლოდ ეროვნული ბანკის ჩარევით, სამწუხაროდ, ლარის კურსის გამყარება ვერ მოხერხდება - ასე მიიჩნევს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით სებ-ის მიერ სავალუტო ინტერვენციების ეფექტიანობაზე მან გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა და ამის მაგალითად სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა მოიყვანა.

„შეიძლება ეროვნულმა ბანკმა რეზერვების გაყიდვით გარკვეული დანაკლისი შეავსოს, თუმცა როდესაც ქვეყანას რამდენიმე მლრდ დოლარი აკლდება, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი რეზერვები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნავთობით მდიდარ ქვეყანას და რეზერვების უსასრულოდ გამოყენება ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი და გამართლებული არ არის. თეორიაშიც ასეა და პრაქტიკაც გვაჩვენებს, რომ მაგალითად აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა 2014-2016 წლების კრიზისის დროს დიდი ოდენობით რეზერვები დახარჯეს, თუმცა ვალუტა მაინც გაუფასურდა“, - თქვა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ.

ის ბიზნესმენების კრიტიკას ეროვნული ბანკის მიმართ არ იზიარებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ლარის სტაბილურობა, რაც ეკონომიკის სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მთავრობის პოლიტიკის შედეგია, შესაბამისად ბიზნესმა მოთხოვნები სწორედ ხელისუფლებას უნდა წაუყენონ.

„ბიზნესმენების კრიტიკას ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის კურსთან დაკავშირებით ვერ გავიზიარებ, რადგან ეს უფრო მეტად ჩვენს ეკონომიკაზეა დამოკიდებული - მთავრობის გადაწყვეტილებებზე, სავალუტო შემოდინებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, რაზეც ეროვნული ბანკი პასუხისმგებელი არ არის. ის პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე და ინფლაციის მართვაზე. მაგრამ ეკონომიკაში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია და თუ პარამეტრები უარესდება, მარტო ერთი ინსტიტუტი ვერაფერს შეცვლის; მარტო ტურიზმით ლარს ვერ გავამყარებთ, როგორც მარტო რეზერვებით ვერ გავამყარებთ. ბევრი ფაქტორია, რომელიც ცუდად მუშაობს დღეს და ამის გამოსასწორებლად ბიზნესმენებმა მთავრობას უნდა მოუწოდონ, რომ იყოს ნაკლები ბიუროკრატია, რომ უზრუნველყონ დამოუკიდებელი სასამართლო, სავალუტო შემოდინებების აღდგენა, რაც უკეთეს როლს შეასრულებს ლარის გამყარებაში, ვიდრე მხოლოდ ეროვნული ბანკის ჩარევა“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.