მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებასტიან მოლინეუსი: ეკონომიკური ზრდის შემცირება უფრო მეტად გარე ფაქტორებთანაა დაკავშირებული

5e258c6e4bae7
შოთა ტყეშელაშვილი, სალომე მეცხვარიშვილი
20.01.20 15:20
1026
2020 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ორგანიზაციის მიერ თავდაპირველად გაკეთებულ შეფასებასთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

BMG-ის კითხვაზე - თუ რას უკავშირდება აღნიშნული შენელება, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი პასუხობს, რომ ის უფრო მეტად საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.

“მჯერა, რომ მიზეზები დღეს უფრო მეტად არის დაკავშირებული გარე ფაქტორებთან, ვიდრე უშუალოდ ქვეყანაში არსებულ შიდა ფაქტორებთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ არსებობს განგრძობადი სავაჭრო დაძაბულობა გლობალურად, ევროპასა და სხვა რეგიონებში ზრდა არის შენელებული. ასევე, ვდგავართ ისეთი რისკების წინაშე, როგორიც ვალის მაღალი მაჩვენებლებია არამხოლოდ - საჯარო, ასევე - კერძო სექტორშიც. სწორედ ეს ფაქტორები იყო მსოფლიო ბანკის მიერ გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაკეთებისას, მათ შორის საქართველოსთვისაც.

ამის მიუხედავად, საქართველოში ზრდის პროგნოზი არის მყარი, ამასთანავე არსებობს მკაფიოდ გამოხატული ტრაექტორია ზრდისკენ, რომელსაც საქართველო მიჰყვება", - ამბობს მოლინეუსი.

მსოფლიო ბანკი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველოში რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად, შედარებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა. 

რეგიონის ქვეყნების მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი ასეთია: 

საქართველო - 4.3%; 
სომხეთი - 5.1%; 
აზერბაიჯანი - 2.3%; 
ბელორუსი - 0.9%; 
ყაზახეთი - 3.7%; 
თურქეთი - 3.0%; 
უკრაინა- 3.7%; 
რუსეთი - 1.6%.