მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ–ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ უფასურდება ლარი

5e74f0b2dfb62
დავით ჯალაღონია
20.03.20 20:33
1999
"ის გლობალური მოვლენა, რაც მიმდინარეობს, არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც აისახა, ჩვენს მეზობელ პარტნიორებში ასევე უფასურდება ვალუტები", – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მთავრობის კანცელარიაში, ლარის გაუფასურებაზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

"იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ქართული ლარი შეინარჩუნებს თავის კურსს და ამავე დროს, არ გაუფასურდება, იმპორტირებული პროდუქტი ძალიან ბევრი შემოვა საქართველოში და ზოგადად, ქვეყანა კონკურენტუნარიანობას დაკარგავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ახსენეთ, გაკეთებული იყო ინტერვენციები. სებ–ის მთავარი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა საშუალოვადიან პერიოდში და როგორც ადრე გაგვიკეთებია, ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ ამ შედეგის შესრულება მოვახერხოთ.

რამდენიმე ფაქტორი – ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ფინანსურ ორგანიზაციებთან და შევძლებთ მატერიალური რესურსების მობილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო გავაადვილოთ ის რთული პერიოდი, რაც არსებობს.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები უარყოფითია, მას შემდეგ, რაც კრიზისი გადაივლის, დადებითი მოლოდინები იქნება, ეკონომიკაც ამუშავდება და ბოლო პერიოდიც რომ გავიხსენოთ, მაშინ როცა გასულ წელს რუსეთიდან ფრენები შეწყდა, ასევე იყო გაუფასურების დიდი ტალღა უარყოფითი მოლოდინების გამო, მაგრამ შემდეგ ეს სიტუაცია გამოსწორდა ხელისუფლების სწორი მოქმედებების შედეგად, ამიტომ აქ მთავარია, სწორი პასუხი მაკროეკონომიკურ გამოწვევებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბევრი ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ მოსახლეობაც, ისევე როგორც ბიზნესი, მაქსიმალურად მზად შეხვედროდა ამას. პირველი, ეს არის დედოლარიზაციის შემცირების ღონისძიებები, რადგან დღეს 15–16%–ით ნაკლებ მსესხებელს აქვს აღებული სესხი უცხოურ ვალუტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის გაცილებით ადვილია ამ სირთულესთან გამკლავება; ამავე დროს გავიხსენოთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე გადასვლა, რაც ძალიან წაგვადგა დღეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ იმ მსესხებლების რაოდენობა, რომელთაც აიღეს სესხი იმ შემოსავლების შესაბამისად, რაც ჰქონდათ, უფრო ბევრია და ისინი არ ხვდებიან ამ სიტუაციას ძალიან მაღალი დავალიანებით. ყველაფერი ეს ჯამში გვაძლევს იმის რწმუნებას, რომ მას შემდეგ, რაც ეს შოკი გადაივლის, ქართული ეკონომიკა კარგად შეძლებს გამოსვლას ამ სიტუაციიდან, სწორი ქმედებებით აუცილებლად დავძლევთ ამ სირთულეებს", – განაცხადა კობა გვენეტაძემ

შეგახსენებთ, რომ სებ–ის ოფიციალური მონაცემებით, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 3.188 ლარი ღირს.