15.აგვისტო .2020 18:30

"მეღვინეობა ართანას" ქვევრის „ღVINO” ექსპორტზე აშშ-სა და იაპონიაში გადის - კომპანიის გეგმები

views 553
უკან

თელავის სოფელ ართანაში ვენახებისა მოვლა-პატრონობა "მეღვინეობა ართანა"-ს დამფუძნებლებმა 2015 წელს დაიწყეს. ქვევრის, ბუნებრივი ღვინის მამა-პაპური წესით დაყენებული ღვინო კი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეღვინე ანასტასია ახვლედიანი BM.GE-ის უყვება, დღეისთვის კომპანია სამი სახის ქვევრის ღვინოს: რქაწითელს, თავკვერსა და საფერავს, ხოლო ჭაჭას: საფერავის და რქაწითელის და მაროს დასახელებებით აწარმოებს.

„ჩვენ დაგვრჩა ოჯახის ვენახები, რომელიც სოფელ ართანაში 6 ჰა-ზეა გაშენებული. დავიწყეთ ვაზის მოვლა და შემდეგ ძველი მამა-პაპური წესით ყურძნის ქვევრში დაწურვა. დღეისთვის 15 000 ბოთლამდე ღვინოსა და ჭაჭას ვაწარმოებთ, თუმცა ჭაჭის წილი ჯერ მცირეა.

მეურნეობაში მუდმივად 5 ადამიანია დასაქმებული, რთველობაზე კი დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება“, - ამბობს ანასტასია ახვლედიანი.

მეღვინის თქმით, მცირე წარმოების მიუხედავად, ბუნებრივი ღვინის რეალიზაცია საქართველოს გარდა ამერიკასა და იაპონიაში ხორციელდება.

„საქართველოში ართანას „ღVINO“ და ჭაჭა ბუნებრივი ღვინის ბარებსა და რესტორნებშია წარმოდგენილი. შესამჩნევია, რომ საქართველოში ბუნებრივ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ისეთი დიდი მოთხოვნა არაა, როგორც საზღვარგარეთ. ამიტომ ჩვენი წარმოებით ვცდილობთ, ბუნებრივი ნაწარმის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი“, - ამბობს მეღვინეობის დამფუძნებელი.

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ მათ გაყიდვებში ექსპორტს უკავია უფრო დიდი წილი, ვიდრე ადგილობრივს, რისი მიზეზიც საზღვარგარეთ ქვევრის ღვინოზე არსებული მოთხოვნაა.

„2020 წელს ჩვენი წარმოების ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა პანდემიის პერიოდში უფრო გაიზარდა და დამატებითი მოცულობების გაგზავნა მოითხოვეს.

ვცდილობთ, რომ ღვინო დავაძველოთ და უკვე შემდეგ გავიტანოთ ექსპორტზე, ამიტომ ჩვენი ექსპორტის მოცულობა არ არის ისეთი დიდი რა მოთხოვნაცაა საექსპორტო ბაზრებზე“, - აღნიშნავს მეღვინე.

ვადებს ვერ აკონკრეტებს, თუმცა "მეღვინეობა ართანას" დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია წარმადობის გაზრდას და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავენ.

„კომპანია წარმოების 40 000 ბოთლით გაზრდას გეგმავს, საიდანაც 50% საექსპორტოდ იქნება გათვლილი. გვინდა რომ არსებულ აშშ-სა და იაპონიის საექსპორტო ბაზრებს, საფრანგეთის, ავსტრიისა და ჰოლანდიის ბაზრებიც შევმატოთ, იმისთვის რომ ქვევრის ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში“, - ამბობს მეღვინე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა