მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკი განვითარებაში გვეხმარება“ - „ოქროს ბიბილო“ გაფართოებას გეგმავს

632eb24ec2e7a
მარიამ იზორია
24.09.22 12:00
931
„ოქროს ბიბილო“ ფერმის გაფართოებას გეგმავს. კომპანია მცხეთაში, სოფელ მუხრანში იშვიათი ჯიშის მეფრინველეობის ფერმას ფლობს და „აგროჰაბში“ ფერად - მოწითალო, მომწვანო-მოცისფრო კვერცხს ყიდის. ამასთან, „ოქროს ბიბილოს“ ფერმას ამერიკული ჯიშის მწყერიც ჰყავს მოშენებული.

როგორც BM.GE-სთან ფერმის დამფუძნებელი კონსტანტინე ჯაოშვილი აღნიშნავს, 800-მდე ქათამი ჰყავთ, კვერცხის რაოდენობა კი კვირაში, შესაძლოა, 2500-მდეც ავიდეს.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ პროდუქტს შედარებით მაღალი ფასი აქვს, მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და გაფართოებაც სწორედ ამიტომ იგეგმება.

„იშვიათი ჯიშის ფრანგული, ინგლისური ქათმები გვყავს. ფერმა ამერიკული ჯიშის მწყერსაც აერთიანებს. ჯამში დაახლოებით 800 ცალი ქათამი გვყავს, რომელთა წარმადობაც კვირაში შესაძლოა 2500-მდეც ავიდეს. პროდუქტი მხოლოდ „აგროჰაბში“ იყიდება და ის მაღალ საფასო სეგმენტს ფარავს. 1 კვერცხის ფასი 1.10 ლარიდან-1.50 ლარამდე მერყეობს.

შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მოთხოვნა მაღალია. „აგროჰაბში“ პარასკევს შეტანილი პროდუქტი ორშაბათს უკვე სრულად გაყიდულია. ამიტომ ფერმის გაფართოებას ვგეგმავთ. ადგილზე მეორე ფერმას ავაშენებთ და ახალ ჯიშებს შემოვიყვანთ“, - ამბობს „ოქროს ბიბილოს“ დამფუძნებელი.

კონსტანტინე ჯაოშვილი მხოლოდ მეფრინველეობის მიმართულებით არ საქმიანობს. მეწარმე უახლოეს მომავალში ალკოჰოლური სასმლის, კერძოდ, ჭაჭის რეალიზაციასაც დაიწყებს.

„ამ დროისთვის დანადგარების მოლოდინში ვართ, რის შემდეგაც აქტიურ წარმოებას დავიწყებთ. საკუთარი მაღაზიის გახსნას ვგეგმავ, სადაც მხოლოდ მაღალი ხარისხის ჭაჭა გაიყიდება“, - ყვება ის.

„ოქროს ბიბილოს“ დამფუძნებელმა ბიზნესი „საქართველოს ბანკის“ დახმარებით განავითარა. მას შემდეგ, რაც მეწარმემ საკუთარი ფინანსური რესურსი ჩადო, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვისთვის ბანკის მხარდაჭერით ისარგებლა. აღსანიშნავია, ისიც, რომ „ოქროს ბიბილოს“ პროექტის ჯამური ღირებულება $300 000-ს აღემატება, საიდანაც დაახლოებით 200 000 ლარი „საქართველოს ბანკისგან“ მოზიდული რესურსია.

„საქართველოს ბანკი განვითარებაში ძალიან გვეხმარება. გარკვეული თანხის ათვისების პროცესი ახლაც მიმდინარეობს“, - განმარტავს „ოქროს ბიბილოს“ დამფუძნებელი.
NS