მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელიმ ჩაქირი: სტრუქტურული რეფორმები პანდემიას არ უნდა შეეწიროს

5eb681077bb23
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 14:01
1166
“ჩვენ და საქართველოს მთავრობამ გადავწყვიტეთ, რომ სტრუქტურული რეფორმები არ უნდა შევწიროთ ამ პანდემიას”- ამის შესახებ გადაცემაში “ანალიტიკა” საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა განაცხადა.

IMF-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე გამართული მოლაპარაკებები რეფორმების გაგრძელების აუცილებლობასაც შეეხებოდა. სელიმ ჩაქირის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ისეთი რეფორმები, როგორიცაა პენსიის ინდექსაციის სისტემის დანერგვა, ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ახალი სისტემის შემოღება. 

"აქ ორი მნიშვნელოვანი ელემენტია: პირველი - პენსიების ინდექსაცია - პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებებში უკვე გამოჩნდა მინიშნებები, თუ რა იგულისხმება ამ რეფორმაში. კანონპროექტი ამ მიმართულებით უკვე პარლამენტშია - მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას, რადგან მიგვაჩნია, რომ ის გააუმჯობესებს ამ ადამიანების ცხოვრების სტანდარტს და ასევე, გაზრდის ადგილობრივი დანაზოგების დონეს, რაც თავის მხრივ, ადგილობრივ საფონდო ბაზრებს დაეხმარება.

და მეორე - ე.წ. გაკოტრების კანონმდებლობა - როცა ქვეყნის ეკონომიკა ისეთ შოკს განიცდის, როგორც ეს პანდემიის გამო მოხდა, ვფიქრობთ, ეფექტური კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს - ეს ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ და ძლიერ გაჯანსაღებას.
ამდენად, ჩვენ ვაპირებთ ვთხოვოთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, რომ მიიღოს ეს კანონები რაც შეიძლება მალე.

სამომავლოდ კიდევ ბევრ რეფორმას ვფიქრობთ - მოგვიანებით, მაგალითად, უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების საკითხზე - მაგრამ ამ ეტაპზე ეს ორი მიმართულება ჩვენთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის,"- ამბობს სელიმ ჩაქირი.