მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკ-ის წევრად გიორგი ფრუიძის კანდიდატურას დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

5dd7cc42a5186
დავით ჯალაღონია
22.11.19 15:55
971
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გიორგი ფრუიძის კანდიდატურას მხარი დაუჭურა. ამის შემდეგ, მის კანდიდატურას დეპუტატებმა ნდობა პლენარულ სესიაზე უნდა გამოუცხადონ.

კენჭისყრამდე ფრუიძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რაც ძირითადად ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებს და დაგეგმილ რეფორმაზე კანდიდატის მოსაზრებებს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფრუიძე მიმდინარე წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. საქმე იმაშია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ცნობისთვის: სემეკ-ში, მისი თავმჯდომარის ჩათვლით, სულ ხუთი წევრის ადგილია. მას შემდეგ, რაც ირინა მილორავას თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მისი თანამდებობა დავით ნარმანიამ დაიკავა, შესაბამისად, სემეკ-ის წევრების რიგში ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა.