მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკ-ს ახალი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ორ კვირაში ეყოლება

5d9b4f8e9b7e7
დავით ჯალაღონია
07.10.19 19:00
862
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ახალი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ორ კვირაში ეყოლება.

როგორც სემეკ-ის წევრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ორი კვირა დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებებს იმისთვის, რომ თავმჯდომარე თავად კომისიის წევრებმა, ხმათა უმრავლესობით აირჩიონ. თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დავით ნარმანია რჩება.

"ვვარაუდობ, რომ ორი კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებები და შესაბამისი პროცედურები დასრულდება და ამის შემდგომ შევძლებთ არჩევნების ჩატარებას. რაც შეეხება მხარდაჭერას, ჯერჯერობით, მოწინააღმდეგეები არ ჩანან", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დაუჭერს თუ არა კომისია მხარს ნარმანიას, ამის შესახებ კითხვას სემეკ-ის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ფანგანმა უპასუხა.

"სერიოზული პრობლემა ექმნება სემეკ-ს თავმჯდომარის არ ყოფნის გამო, ვერ ვატარებთ სხდომებს, ადმინისტრაციული ვადები ირღვევა და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შეძლებს პარლამენტი, შეიტანოს ცვლილება და მას შემდეგ უკვე დავამტკიცებთ ბატონ დავით ნარმანიას, უკვე კომისიის წევრები ავირჩევთ, რადგან ჩვენ თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით მის კანდიდატურაზე, მხარს უჭერდა კომისიის ყველა წევრი მას, აპარატი. ის ორი წელია უკვე ჩვენთან მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი გამოცდილება და ცოდნაც აქვს მას, ასე რომ, ამ კუთხით არაფერი შეიცვლება", - განმარტა გიორგი ფანგანმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარედ, სემეკ-ის მოქმედი წევრი დავით ნარმანია ვერ დაამტკიცა.

აღნიშნულის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გაირკვა, როცა ნარმანიას კანდიდატურისთვის დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ. კერძოდ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა კოლეგებს საქართველოს კონსტიტუციიდან ის ჩანაწერი შეახსენა, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტისთვის მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს და არა - თავმჯდომარის.

სწორედ, აღნიშნული მიზეზის გამო, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით, სემეკ-ის თავმჯდომარედ არჩევის ის წესი დამკვიდრდება, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოქმედებს. კანონპროექტის თანახმად, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს არა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით - პარლამენტი, არამედ თავად კომისიის წევრები აირჩევენ.