მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი არ გამორიცხავს, რომ ახალი ტარიფები სასამართლოში გასაჩივრდეს

5feb25aa6526a
BM.GE
29.12.20 19:00
1281
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი არ გამორიცხავს, რომ სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრონ. საქმე იმაშია, რომ სემეკმა ახალი ტარიფების დადგენის პროცესში არ გაითვალისწინა ენერგოკომპანიების მიერ წარდგენილი დაახლოებით 30-მილიონიანი ხარჯები, ასევე ტარიფის გაანგარიშების დროს ელექტროენერგიის მოხმარების განსხვავებულ პროგნოზს დაეყრდნო.

სემეკის განმარტებით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინტერესის დაცვით იყო ნაკარნახევი. დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ “თელასისა” და “ენერგო პროს” წარდგენილ წინადადებებს სრულად გაიზიარებდნენ, მაშინ ტარიფი 1.5-ჯერ გაიზრდებოდა.

კომისიის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ გამანაწილებლებმა სემეკის მიერ მიღებული ახალი ტარიფი წინა ჯერზეც გაასაჩივრეს.

“პრეცედენტი იყო წინა ტარიფის დადგენისას, როდესაც ტარიფი გასაჩივრდა ორი მხრიდან - გასაჩივრდა კომპანიის მხრიდან, რადგან თვლიდნენ, რომ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო ტარიფი და გაასაჩივრა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თვლიდან რომ უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო ტარიფი.

რეალურად, სასამართლომ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სემეკმა დაიჭირა ოქროს შუალედი, რომ მომხმარებლებიც რა თქმა უნდა დაზღვეული იყოს და კომპანიაც,”- აცხადებს ფანგანი.

თავად "თელასისა" და "ენერგო პროს" წარმომადგენლებს ჯერ სასამართლოში სარჩელის ინიცირების შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ. 

სემეკის მიერ მიღებული ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით - 6 თვის ვადით იქნება. გრძელვადიან ტარიფს სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს. დღესვე ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ტარიფის მატებას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებს სრულად დაუსუბსიდირებს. 

სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.

სემეკის გადაწყვეტილებით, "ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 
2) თვეში 101-301 კილოვატი - 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი.

არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ახალი ტარიფები ასეთია:

"თელასის" ქსელში:

110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.

"ენერგო პროს" ქსელში:

110-35 კვ. - 28.267 თეთრი- ზრდა 13.407 თეთრი; 
10-6-3.3 კვ - 30.879 თეთრი - ზრდა 14.628 თეთრი; 
380-220 ვ - 31.960 თეთრი - ზრდა 10.877 თეთრი. 

"საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.