მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი ხვიჩა მაქაცარიას კომპანიას „თელასის“ წილის შეძენას დაუდასტურებს

5f5f139e231db
ინგა მურუსიძე
14.09.20 11:06
974
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამართულ საჯარო აუქციონზე "თელასის“ 24.5%-იანი წილი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელიც "კავკასუს ონალინის" მეწილეა, ამასთანავე, მას ეკუთვნის კომპანია "თბილისი ენერჯის" საკონტროლო პაკეტიც. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "ბესტ ენერჯი გრუპმა" მიიღო. საჯარო აუქციონში კომპანიის საწყისი ფასი $10.5 მილიონი იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ კანონის თანახმად,  აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას, მედიამ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიას სთხოვა, „თელასის“ წილის გასხვისება-გადაფორმების საკითხებზე კომენტარი გაეკეთებინა:

„კანონმდებლობის მიხედვით, 5%-ზე მეტის გასხვისება მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებას საჭიროებს იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს არარეზიდენტი ან მესამე ქვეყნის წარმომადგენელი იძენს წილს. ჩვენ ვნახეთ შემძენი და აუქციონის შედეგები, რომლიც მიხედვითაც დგინდება, რომ წილის შემძენი კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, ხოლო მისი დამფუძნებელი საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ რაიმე განსაკუთრებული რთული პროცედურები საჭირო არ იქნება. როცა წილის გამსხვისებლის მხრიდან ჩვენთან შემოვა ინფორმაცია, მარეგულირებელი დადგენილი წესით უპასუხებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკ-ის თავმჯდომარის თქმით, თუ კერძო მესაკუთრე მომავალში მეტ ინვესტიციას განახორციელებს და აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ სისტემა კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღდეს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

„მარეგულირებელი კომისია, თავის მხრივ, იმუშავებს იმაზე, რომ ახალ ინვესტორს, მის ძირითად მეწილესთან ერთად შესთავაზოს თამაშის ის ძირითადი წესები, რომელიც აუცილებელი იქნება სისტემის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამბობს ნარმანია.

ინფორმაციისთვის: სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა.