03.დეკემბერი .2021 17:41

სემეკის თავმჯდომარე Inter Rao-სთან სატარიფო დავაზე და $80 მლნ-ის წაგებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

სემეკის თავმჯდომარე Inter Rao-სთან სატარიფო დავაზე და $80 მლნ-ის წაგებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
views 1747
უკან

საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასში მოთხოვნილი თანხა $200 მილიონი იყო. იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრეს.

დღეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სემეკი არ ხელმძღვანელობდა და არ იხელმძღვანელებს კონკრეტული ენერგოკომპანიების მოთხოვნებით, რადგანაც ტარიფები 2014 წელს შემუშავებული გამჭვირვალე მეთოდოლოგიით დგინდება.

მისი თქმით, მახინჯი პრაქტიკა იყო, როდესაც წარსულში ტარიფები სახელმწიფოსა და კომპანიას შორის პირდაპირი მემორანდუმების სახით დგინდებოდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად სატარიფო დავა სწორედ ამ ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს ეხებოდა, რადგანაც Inter Rao აცხადებდა, რომ ახალი ტარიფის დადგენის დროს არ იყო გათვალისწინებული ის ვალდებულებები და პირობები, რომლებიც სწორედ სახელმწიფოსთან არსებული ორმხრივი მემორანდუმით იყო გაწერილი. საუბარია იმაზე, რომ 2011 წელს დადებული მემორანდუმით, საქართველოს მთავრობა დაპირდა კომპანიას, რომ 2025 წლამდე ტარიფები შემცირების მიმართულებით არ გადაიხედებოდა. 

დავით ნარმანიას განმარტება:

“2014 წელს სემეკი გადავიდა ტარიფების გაანგარიშების ახალ ცივილიზებულ მოდელზე და უარი ითქვა იმ ძველ და მახინჯ პრაქტიკაზე, რომელიც მემორანდუმების სახით არსებობდა. აქედან გამომდინარე ტარიფი სწორედ ახალი მიდგომით და მეთოდებით იქნა დათვლილი. მაშინ რთული იყო პროგნოზირება, რომ მხარე გაასაჩივრებდა ამ საკითხს არბიტრაჟში, თუმცა მისი გასაჩივრებული არბიტრაჟს ბოლომდე მიყვნენ სტრუქტურები, რა თქმა უნდა მოთხოვნა გაცილებით მეტ თანხაზე იყო, და ნაკლები დაკმაყოფილდა. მაგრამ ეს არ არის ჩემი ინფორმაციით, ბოლო ინსტანცია ამდენად ეს გადაწყვეტილება იქნა გასაჩივრებული.

2014 წლის შემდეგ ამ ახალი მეთოდოლოგიით არაერთხელ დადგინდა ტარიფები და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მეთოდოლოგია არის დღეს ყველაზე გამართული და აპრობირებული. სხვების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, მაგრამ არავის მოუგია აქამდე, რადგან კომისია ძალიან გამჭვირვალე მეთოდებით და კონკრეტული ფორმულებით ანგარიშობს ტარიფს.

Inter Rao ყოველთვის ითხოვს ტარიფების ზრდას, თუმცა მარეგულირებელი კომისია მათი წესებით არ მუშაობს და მას აქვს თავისი დღის წესრიგი აქამდე ჩვენ ამ წესებით ვხელმძღვანელობდით და მომავალშიც ასე ვიხელმძღვანელებთ,”- აცხადებს ნარმანია.

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.

თუმცა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დაპირება სწორედ ენერგო ტარიფების დაკლება იყო, რაც 2013 წელს განხორციელდა. სავარაუდოდ ამ დათმობაზე კომპანია წავიდა იმ პირობით, რომ სახელმწიფომ მასთან განახლებული მემორანდუმიდან ამოიღო მოთხოვნა, რომ Inter Rao-ს მდინარე ხრამზე $193-მილიონიანი ინვესტიციით ახალი ჰესები უნდა აეშენებინა, რომელთა სიმძლავრეც 85 მეგავატი უნდა ყოფილიყო. ამ ჰესების აშენების მოთხოვნა კომპანიას ვალდებულებად 2008 წელს, "ხრამჰესი 1"-ის და "ხრამჰესი 2"-ის შეძენის დროს განესაზღვრა. აღნიშნული ცვლილება მხარეთა შორის მემორანდუმშიც შევიდა.

უფრო მეტი რამ მემორანდუმების შინაარსის შესახებ საჯაროდ ცნობილი არაა, თუმცა როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებიდან ჩანს, სახელმწიფოს მრავალმილიონიანი კომპენსაცია სწორედ ამ ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების დარღვევისთვის დაეკისრა.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია. ის თუ რა პროცედურას წარმოადგენს და არბიტრაჟის გადაწყვეტილების რა ნაწილი საჩივრდება, უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა