16.ივლისი .2020 15:37

სემეკისა და ელ. კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა

views 321
უკან

პარლამენტმა პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით დაამტკიცა (80 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ კანონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ და სემეკმა ერთობლივად მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიები მარეგულირებელი კომისიის ნებართვის გარეშე კომპანიის წილების/აქციების 5%-ზე მეტს ვერ გაასხვისებენ.

ამასთან, კომპანიებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, წინასწარ შეუთანხმონ კომისიას ის გარიგება, რომლის შედეგადაც მათი აქციების 5%-ზე მეტის მესაკუთრე იცვლება.

პლენარულ სხდომამდე კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განიხილეს. სხდომაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ იმ კომპანიისთვის, რომელიც ბირჟაზე ივაჭრება ან ბირჟაზე გასვლას გეგმავს წინასწარ შეუძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ იყიდის მის აქციებს, რის გამოც სემეკისთვის ინფორმაციის წინასწარ წარდგენის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდება. ამ კითხვას უპასუხა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, რომელმაც თქვა, რომ კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება ის, რომ საფონდო ბირჟაზე მყოფ კომპანიას არა წინასწარ, არამედ გარიგების შემდეგ ექნება ვალდებულება წარადგინოს გარიგების შესახებ ინფორმაცა.

“თქვენ კანონპროექტში გიწერიათ - “წინასწარ აცნობოს კომისიას” - ამ სიტყვამ, ანუ “წინასწარმა” გარკვეულ პირობებში შეიძლება უხერხულობა შექმნას, რადგან თავად სისტემის ოპერატორი არ იყოს ინფორმირებული ამ ცვლილების შესახებ. მაგალითად, ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირობითად ბაბუის ბაბუაა ამ კომპანიისთვის, იქ რომ რაღაც ცვლილება მოხდეს ამისთვის ინფორმაცია შეიძლება არც იყოს ხელმისაწვდომი და წინასწარ ვერ გაცნობებს. ასევე, თუ არის დალისტული კომპანია და იცვლება და 5% გაიყიდა ბირჟაზე, ეს ასევე ამ სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ როგორ უნდა გახდეს ცნობილი, თუკი ხდება საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ყიდვა-გაყიდვა. ამას შეიძლება IPO-ზე გასვლა საერთოდ შეაფერხოს, კონკრეტული კომპანიებიც, რომელთაც სურვილი ჰქონდეთ,”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით დამტკიცდა (83 მომხრე, 1 წინააღმდეგი) ასევე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლებამოსილება ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. პირვანდელ დოკუმენტში, სპეციალურ მმართველს კომპანიის აქციების/წილების გასხვისების უფლებაც ჰქონდა, თუმცა სექტორის მკაცრი კრიტიკისა და პროსტესტის შემდეგ, აღნიშნული რედაქცია დაკორექტირდა და სპეც მმართველს ეს უფლება აღარ ექნება.

პლენაურ სესიამდე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ განიხილეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, სადაც ომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა, რომ კომპანიაში შესულ დროებით მმართველს შესაძლოა იქ ყოფნა გაუტკბეს და პრობლემა არ მოაგვაროს. ის კანონპროექტში დროებითი მმართველის კომპანიაში ყოფნის დროის განსაზღვრას ითხოვს და ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს დროებითი მმართველის დანიშვნა არა უმეტეს 1 წლისა.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მაგალითად მოიყვანა კომპანია „ყაზტრანსგაზი“, სადაც სემეკმა 80 მილიონიანი დავალიანების გამო დანიშნა დროებითი მმართველი, თუმცა ვეფხვაძის თქმით, 8 წლის შემდეგ ვალი ისევ ამდენია და დროებით მმართველს არაფერი გაუკეთებია. მან ჯოხთაბერიძის ინიციატივას მხარი დაუჭირა და კახა ბექაურს მოუწოდა, კანონპროექტში დროებითი მმართველის დანიშვნის კონკრეტული ვადა განისაზღვროს.


მას შემდეგ, რაც კანონპროექტები პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით დამტკიცდა, ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ დარგობრივ კომიტეტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა