29.აპრილი .2020 19:00

სემეკმა ჰორეკა სექტორს უარი უთხრა - "გაწბილებულები გამოვედით"

views 2305
უკან

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე სემეკის გადაწყვეტილებას სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ენრგოკომპანიების ანგარიშზე საკუთარი დეპოზიტებიდან დავალიანების გადახდას აკრიტიკებს და უსამართლობას უწოდებს.

„ჩვენ არ გავჩერდებით, სამართლიანობა უნდა აღდგეს“ - განუცხადა BM.GE-ს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

„თვეზე მეტია ვმუშაობთ სემეკთან იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა პირებმა შეძლონ კომუნალური დავალიანების დაფარვა ანგარიშებზე არსებული დეპოზიტებით, რომელიც ენერგოკომპანიებს აქვთ დარიცხული. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ლოგიკური აზროვნება ჭარბობდა მათ არგუმენტაციაში, მაგრამ დღეს იყო ბოლო შეხვედრა და გაწბილებულები გამოვედით იქიდან.

ჩვენ გვიდევს თელასის ანგარიშზე 12 მლნ ლარის დეპოზიტები. ერთ-ერთი სასტუმროს მმართველმა ითხოვა, რომ 28 ათასი ლარი ედო დეპოზიტზე და იქიდან გაექვითათ მის სასტუმროზე მოსული ელექტროენერგიის დავალიანება, რომელიც 1 500 ლარს შეადგენს. სემეკმა უარი უთხრა ამ წინადადებაზე. გვეუბნებიან, რომ დავალიანება საიდანაც გვინდა იქიდან უნდა ვიშოვოთ და გადავიხადოთ. ჩვენი ფულის გამოყენების ნებას არ გვაძლევენ”, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

მისი ინოფრმაციით, სექტორის წარმომადგენლებმა ენერგოკომპანიებთან შუამდგომლობის თხოვნით ეკონომიკის მინისტრს მიმართეს.

„არგუმენტად მოაქვთ, რომ მათ არ აქვთ ჩვენი ნდობა და გარანტია. რამდენიმე ბიზნესსუბიექტმა არ გადაუხადა დავალიანება და ამიტომ რამდენიმეს მაგალითს ავრცელებენ ყველაზე, რაც დაუშვებელია. პირდაპირ გვითხრეს თუ არ მოგეწონებათ ჩვენი გადაწყვეტილება, შეგიძლიათ გაასაჩივროთ სასამართლოშიო. ჩვენ არ გავჩერდებით. სამართლიანობა უნდა აღდგეს.

სტატისტიკის სამმართველოში 10 000 მეტი რესტორანია ფიქსირებული, აქედან 95%-ს ფართი ნაქირავები აქვს. ამ ყველა რესტორანს ენერგოკომპანიების ანგარიშზე აქვთ განთავსებული დეპოზიტები. ეს იგივეა მომხმარებელს რესტორანში შემოსვლისას რომ საგარანტიო თანხა გამოვართვათ და დავიტოვოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმის, რომ ის მომსახურების საფასურს გადაგვიხდის.

ჩვენ ვესაუბრეთ ეკონომიკის მინისტრს და მივმართეთ ენერგოკომპანიებთან შუამდგომლობის თხოვნით. ნათია თურნავამ გვითხრა, რომ შეეცდება გაერკვეს ვითარებაში. ჩვენ არ ვითხოვთ დავალიანების გადავადებას, ვითხოვთ ჩვენივე დეპოზიტებიდან ამ თანხის გადახდას“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი.