03.ოქტომბერი .2019 11:08

სექტემბერში ინფლაცია 6.4%-მდე გაიზარდა

views 329
უკან

საქართველოში ფასების საერთო დონე იზრდება - საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის სამიზნეს ორჯერ აღემატებოდა და 6.4%-ს შეადგენდა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.  

საქსტატის ინფორმაციით, სურსათის ფასები 11%-ით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში 14.6%-ით, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში კი, ფასები 4%-ით არის გაზრდილი:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც  წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.0 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.1 პროცენტი).