მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია"

5dbaae3bdcc66
ლიკა გურაბანიძე
31.10.19 13:48
1669
"სექტემბრის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა.

ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ პერსპექტივებსა და მოლოდინებზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ახლახანს, სარეიტინგო კომპანია „S&P"-მა საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი გააუმჯობესა და ამის მთავარ მიზეზად, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა.

"რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ასევე ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამასთანავე, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ინკლუზიურს გახდის", - განაცხადა მან.  

რაც შეეხება კაპიტალური ხარჯების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 86%-ით გაიზარდა და 489.7 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, ეკატერინე მიქაბაძის ცნობით, ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც გაუმჯობესდა, მათ შორის, 15.2%–ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მატება ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება", – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: "საქსტატის" ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2%–ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 5%–ს პროცენტს გაუტოლდა. რაც შეეხება 2019 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდას, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%–ით განისაზღვრა.