მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ნავთობზე შედარებით დაბალი ფასებია მოსალოდნელი

631989a3a0e5b
ეგნატე შამუგია
08.09.22 19:40
1986
ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა ნარჩუნდება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შედეგად, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომია. კერძოდ, განუსაზღვრელობა მიწოდების მხარეს უკავშირდება: როგორი ეფექტი ექნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ნავთობის წარმოებაზე და რა გადაწყვეტილება მიიღებს ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების კავშირი. ამგვარმა გარემოებამ ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვლა და მომავლის პროგნოზი გაართულა. ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბარელზე ფასმა 100.0 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130.0 დოლარსაც აღწევდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ფასები შედარებით შემცირებულია.
 
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ სექტემბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 100.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. ჯერ კიდევ აგვისტოში სექტემბრის თვის საპროგნოზო საშუალო ფასი ბარელზე 102.0 აშშ დოლარი იყო. წინა პერიოდებთან შედარებით ნავთობის ფასების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია, რაც ნავთობის მარაგების ზრდის მოლოდინის შედეგი იყო. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მარაგების ზრდა მოსალოდნელი, რომელიც 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. გარდა ამისა, ფასები კლება მოთხოვნის მხარესაც უკავშირდება. კერძოდ, მაღალი ინფლაციის გამო ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეცესიულ რისკებს ზრდას, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლების მოლოდინი შექმნა. ეს კი ფასებზე კლების კუთხით აისახება.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

აგვისტოში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 100.5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის ფასს ბარელზე 11.5 აშშ დოლარით ჩამორჩება. აღნიშნული კლება რეზერვების ზრდას უკავშირდება, რამაც აგვისტოში 2019 წლის დეკემბრის ნიშნულს მიაღწია. უშუალოდ წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით ივლისში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 3.6 დოლარით ნაკლები იყო. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ბარელზე ფასი საშუალოდ 102.0 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული. ამდენად, ბოლო ორი თვეა ნავთობის ფასები მკვეთრად მცირდება, რადგან ივნისში ბარელზე საშუალო ფასი 122.7 აშშ დოლარი იყო. ივნისში კი შედარებით მაღალი ფასები ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი შემცირების დაანონსებას და შანხაისა და პეკინში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდებოდა.

გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41.3%-ით მეტია. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 29.3 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის აგვისტოში ნავთობის საშუალო ფასი 70.8 აშშ დოლარი იყო. ამავე წლის ივლისში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 73.2 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 111.9 დოლარის აღწევდა. შესაბამისად, ივლისში ნავთობის საშუალო ფასის წლიური ზრდა შედარებით მეტი, 53.0% იყო.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის შედარებით დაბალი ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მეოთხე კვარტლისთვის ბარელზე საშუალოდ 98.0 აშშ დოლარია პროგნოზირებული. წინა თვის პროგნოზით, მეოთხე კვარტალი საშუალოდ 98.3 დოლარით იყო ნავარაუდევი. 100.0-დოლარიან ნიშნულზე ნაკლები კი, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან არის მოსალოდნელი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებული განუსაზღვრელობის პირობებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია და პროგნოზები გართულებული.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 99.4 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.1 მლნ ბარელით ჩამორჩება, ხოლო ივლისის საშუალო დღიურ მოხმარებაზეც 0.3 ბარელით ნაკლებია. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საშუალო დღიური მოხმარება 1.6 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 8.1 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის ივლისში საშუალო დღიური მოხმარება 91.3 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის სექტემბრისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 100.3 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან მიმართებით უცვლელია. კვარტალურ ჭრილში კი ზრდაა, რადგან წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.2 მლნ ბარელით მეტი, 101.0 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 7.2 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება.

მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.66 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით 0.03 მლნ ბარელით მეტია. მომდევნო წლის პირველი კვარტლისთვის აზერბაიჯანის საშუალო მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.65 მლნ ბარელია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. თუმცა, გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებაში აისახება.

რაც შეეხება რუსეთს - ის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მეორე კვარტალში საშუალოდ 10.59 მლნ ბარელი იყო. ხოლო, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დღიური წარმოება 11.0 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. 2022 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთის საშუალო წარმოება დღეში 10.87 მლნ ბარელით არის პროგნოზირებული. ეს კი მიუთითებს, რომ მიმდინარე წელს, გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. თუმცა, მომდევნო წლიდან მდგომარეობს შეცვლის მოლოდინია, რადგან 2023 წლის პირველ კვარტალში ბარელზე ფასი შედარებით ნაკლები, 98.7 აშშ დოლარია მოსალოდნელი, ხოლო რუსეთის საშუალო დღიური წარმოება 9.41 მლნ ბარელი, რაც მეორე კვარტლისთვის უფრო ნაკლებით, 9.30 მლნ ბარელით არის პროგნოზირებული.