მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში საქართველოში რეკორდული რაოდენობის 539,524 ტურისტული ვიზიტი შედგა

5d9764769d370
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.19 19:27
2859
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის სექტემბრის შესახებ ავრცელებს სტატისტიკურ მონაცემებს. უწყების ინფორმაციით, სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2018-ში არსებულ რაოდენობასთან მიმართებით 2.8%-ით მეტია. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6%-ით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა - ეს რიცხვიც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამასთან, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 20.6%-ით შემცირდა და 147 425 შეადგინა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 29.9%-ით და 105 572 შეადგინა. 

თუმცა, ტურიზმის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ტურისტების ჯამური რაოდენობის მაჩვენებელი მაინც ჩამორჩება იმ პროგნოზს, რომელიც ადმინისტრაციას გასულ წლებში არსებული მაღალი ზრდის დინამიკის ფონზე ჰქონდა შემუშავებული. 

"2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6%-ით აღემატება“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


დეტალური სტატისტიკა ასეთია:

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:  გერმანია +37.8%, გაერთიანებული სამეფო +28.9%, პოლონეთი +26.8%, საფრანგეთი +25.9%, ნიდერლანდები +25.4% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4%, ყირგიზეთი +84.4%, ყაზახეთი +56.4%, ჩინეთი +48.9%, საუდის არაბეთი +45.6%, ქუვეითი +32.8% და სხვა.

შემოსავლები ტურიზმიდან

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.

2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6%-ით ჩამორჩება.

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +5%), ხოლო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.1%-ს უტოლდება.