მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტემბრიდან გადასახადის გაზრდა გარდაუვალია“ - საბავშვო ბაღების მოლოდინები

607ac65a72945
მარიამ იზორია
17.04.21 23:00
1153
კერძო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რაოდენობა შემცირებულია, სექტემბრიდან კი გადასახადის გაძვირებას ვარაუდობენ. ამის შესახებ bm.ge-ს რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღში განუცხადეს. საქმე ისაა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებმა მუშაობა 1 მარტს განაახლეს.

„ალუბლების“ დამფუძნებლის ნათია გურგენიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღს ბავშვების მხოლოდ 30% დაუბრუნდა და ამის მიზეზი, სავარუდოდ, შესაძლო მესამე „ლოქდაუნით“ გამოწვეული არასტაბილური მდგომარეობაა.

„გაძვირებული პროდუქტები, გაზრდილი კომუნალური გადასახადები, ლარის კურსის გაუფასურება და კოვიდრეგულაციების დაცვის მიზნით გამოწვეული დამატებითი ხარჯები, ვფიქრობ, სექტემბრიდან გადასახადის მომატებას გამოიწვევს. ფაქტობრივად, ყველაფერში 40%-ით მეტის გადახდა გვიწევს. პირობითად, ფინურ კარაქს, რომელსაც ბავშვებისთვის 19 ლარად ვიძენდით, ახლა 27 ლარად ვყიდულობთ; გასათვალისწინებელია ბაღის პერსონალის ეკიპირებაც, რომლის ხარჯიც მხოლოდ სექტემბერში 3 000 ლარზე ავიდა. გაგვიჭირდება ამ თანხის ამოღება; ვერ ვიხდით იჯარასაც, ლარის კურსიც ძალიან გაუფასურდა, ამიტომ სექტემბრიდან გადასახადის გაზრდა გარდაუვალია“, – ამბობს „ალუბლების“ დამფუძნებელი.

ამასთან, როგორც გურგენიძე ირწმუნება, ბიზნესის ამ სექტორს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი შეღავათი არ ჰქონია.

„საბავშვო ბაღების სესხების პროცენტის 80%-იანი სუბსიდირების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრა გვქონდა. ამ კვირაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უნდა გაერკვია, თუ რამდენი ბაღია დახმარების პროგრამაში, თუმცა პროცენტის სუბსიდირება ჩემი სამი სესხიდან არც ერთს არ შეეხო. ასევე ჩემი ინფორმაციით, არც ერთ ბაღს აღნიშნული შეღავათით არ უსარგებლია. შემიძლია თამამად ვთქვა ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს სექტორს გვერდში დგომა არ უგრძნია, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფულად გაძვირდა კომუნალურები, პროდუქტი და დაგვემატა ეკიპირების თანხაც. რაც შეეხება იჯარის გადასახადს, რომელსაც ფართში ვიხდით, ბაღების დიდ ნაწილს გამქირავებელმა შენობის დაცლა მოსთხოვა, უმრავლესობამ საფასურის მომატება სექტემბრიდან დაუანონსა“, - აცხადებს გურგენიძე.

Bm.ge საბავშო ბაღ „ფერადი სამყაროს“ დამფუძნებელსაც ესაუბრა, რომელმაც ბავშვების შემცირებული რაოდენობა ასევე დაადასტურა და დასძინა, რომ არსებული შემოსავლით საბანკო ვალდებულებების გადახდაც უჭირთ.

„საბანკო ვალდებულებებს ვერ ვუმკლავდები, მაქვს ვადაგადაცილებები და მიწევს ჯარიმების გადახდა. ვფიქრობ, სამომავლოდ ბანკი აღარ ითანამშრომლებს ჩემთან, რაც შეეხება შესაძლო „მესამე ლოქდაუნს“, ნამდვილად ვერ გადავიტანთ. მთავრობას ბევრჯერ მივმართეთ დასახმარებლად - სამწუხაროდ, უშედეგოდ, არც სამომავლოდ გვაქვს იმედი. რაც შეეხება ფართის ქირას, „ლოქდაუნის“ განმავლობაში გადახდა მუდმივად გვიწევდა", - აღნიშნა ანა თურქაძემ.