მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტემბრის საბანკო დაკრედიტება კვლავ ძლიერი იყო“ - თიბისი კაპიტალი მიზეზებს განმარტავს

6176a6ad0cea3
ვიქტორია მღებრიშვილი
26.10.21 09:35
544
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის 25 ოქტომბრის განახლების მიხედვით, სექტემბრის საბანკო დაკრედიტება კვლავ ძლიერი იყო.

საკონსულტაციო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს ეკონომიკის მაღალი ზრდის გამო კომპანიების მიერ მარაგების შევსებით იყო განპირობებული და აღნიშნავენ, რომ სესხებზე მოთხოვნა მცირე და საშუალო ბიზნესშიც მაღალი იყო.

პუბლიკაციის მიხედვით, სესხებში ლარის წილი მცირედით გაზრდილია.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია კორპორატიულ სეგმენტში აქტივობის მატება, რაც ეკონომიკის მაღალი ზრდის გამო, ძირითადად მარაგების შევსებით იყო განპირობებული. მოთხოვნა ასევე ძლიერი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. საცალო სესხების მხრივ, სამომხმარებლო სესხების ზრდის ნორმალიზების მოლოდინები, ჯერჯერობით, ნაადრევი აღმოჩნდა და სექტემბერი კვლავ მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა.

იპოთეკური დაკრედიტება კი მოლოდინებთან შესაბამისი იყო, სადაც წლიურმა მატებამ მცირედით იკლო, თუმცა მხოლოდ წინა წლის სექტემბრის მაღალი საბაზო ეფექტის გამო. სესხების სავალუტო კომპოზიციის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ლარის წილმა წინა თვეებთან შედარებით მცირედით მოიმატა“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით სესხების მოცულობა 930.93 მლნ ლარით (2.32%-ით) გაიზარდა. შედეგად სესხების მთლიანმა მოცულობამ პირველი ოქტომბრისთვის 41 მილიარდ ლარს მიაღწია.