20.იანვარი .2021 10:15

„სექტორი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია“ - 4 კლინიკა ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს

„სექტორი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია“ - 4 კლინიკა ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს
views 3618
უკან

საქართველოს 4 მსხვილი კლინიკა - „ევექსი ჰოსპიტლები“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „მედალფა“ და „ჯეოჰოსპიტალსი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავს. როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, კლინიკების მენეჯმენტი ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს - მიზეზი სამედიცინო სექტორში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისია. „იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს მისი სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოეს დღეებში მოხდეს შეხვედრა, სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება“, - წერია წერილში, რომელიც მინისტრს უკვე გაეგზავნა; მისი ასლი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემაც მიიღო, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ადრესატებისგან, ჯერჯერობით, რეაგირება არ მოჰყოლია.

ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილი წერილის შინაარსს Bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, ჩვენმა სექტორმა, როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე, არაერთხელ მოგმართათ წერილობით, რომლითაც ვითხოვდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების გვერდში დგომას. აღნიშნული მომართვები უმეტესწილად განპირობებული იყო ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით, რომელმაც მთელი ქვეყანა, როგორც მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენს წერილებშიც, რომ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდგომ, სამედიცინო სექტორი, სახელმწიფოსთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება და დღესაც, შესაძლებლობის ფარგლებში, ძალ-ღონეს არ იშურებს მის დასამარცხებლად.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამდე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით, მთელ რიგ სამედიცინო მომსახურებებზე შემცირდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ღირებულებები/ტარიფები, რაც უმძიმეს ტვირთად დააწვა, ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომაროებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს.

შემდგომ, კიდევ უფრო დამძიმდა დარგის მდგომარეობა ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში დრამატულად გაუფასურების გამო. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სახარჯი მასალებისა და აპარატურის ღირებულება მოცემულია აშშ დოლარსა და ევროში. ამას გარდა გაძვირებულია სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯები.

გარდა ამისა, მსოფლიოში შეიქმნა დეფიციტი სამედიცინო სახარჯ მასალებზე - ფასები მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი კატეგორიის ფასი (მაგ. ხელთათმანები) კი ასეულობით პროცენტით.

ამასთან, გარდა ამისა, პანდემიამ გამოიწვია დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობისათვის გაუთვალისწინებელი დანახარჯების გაზრდა - საუბარი გვაქვს კლინიკებში ცხელების ზონებსა და მათზე გამოწვეულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე, გამკაცრებული სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ინვესტიციებზე და ა.შ.

ფასების მატებასთან ერთად, პანდემიის დაწყებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 3 თვის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებებში მომართვიანობა კატასტროფულად იყო შემცირებული, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი თუმცა არ შეწყვეტილა თანამშრომელთა ანაზღაურების გაცემა. ნოემბრიდან გეგმიური ქირურგიული ჩარევების დაფინანსების შეჩერებამ დამატებით გამოიწვია შემოსავლების კლება, რამაც კიდევ უფრო გაართულა კლინიკების მიერ მომწოდებლების დავალიანებების გასტუმრება, სახარჯი მასალის შეძენა და ადექვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა თვეში ათეულობით ათას ლარს ხარჯავს პერსონალის კლინიკებში ტრანსპორტირებაზე.

რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ახალი წლიდან კომუნალური გადასახადები ძვირდება (მათ შრის ელექტროენერგიის ტარიფი გაორმაგდა), რაც დამატებით უმძიმეს ტვირთად აწვება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ დარგს. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლების მნიშვნელოვნად კლების მიუხედავად, აღნიშნული სექტორი 24 საათის განმავლობაში, სრული დატვირთვით აგრძელებს ფუნქციონირებას, რათა ზემოხსენებული გამოწვევის პირობებში მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირების გამო კი, კომუნალური გადასახადები, ტარიფის გაზრდამდეც, სოლიდურ ოდენობას წარმოადგენდა, ხოლო ტარიფის ცვლილების შემდგომ, ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მოცულობის ხარჯებთან გამკლავება.

ზემოთ ნახსენები პრობლემების ერთობლიობის გათვალისწინებით, სამედიცინო სექტორი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია.

იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს მისი სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოვეს დღეებში მოხდეს შეხვედრა სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება.
დაგვერწმუნეთ, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში სამედიცინო სექტორი ვეღარ შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რითაც, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, როგორც ხსენებულ სექტორს, ასევე სახელმწიფოსაც.

იმედს გამოვთქვამთ, გულისხმიერებით მოეკიდებით ჩვენს მდგომარეობას და გვერდში დაგვიდგებით ჩვენთვის ამ უმძიმეს ვითარებაში“, - წერია წერილში, რომელსაც ხელს გიორგი მინდიაშვილი (ს.ს. ევექსი ჰოსპიტლები), გიორგი რამიშვილი, (ს.ს. ნიუ ჰოსპიტალსი), გიორგი ამბროლიანი (ს.ს. მედალფა) და ზურაბ ქიტოშვილი (ს.ს. ჯეო ჰოსპიტალსი) აწერენ.

განახლება: ჯამში, ეკატერინე ტიკარაძეს ათეულობით კლინიკა მიმართავს. მათ შორისაა: „გორმედი სამედიცინო ცენტრი“, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“, „კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ „სს ავერსის კლინიკა“ და სხვები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა