28.მაისი .2020 13:38

სექტორი მხოლოდ პროცენტის სუბსიდირებით კი არ უნდა წავახალისოთ, არამედ მომიჯნავე საკითხების მოგვარებით - რედკო

views 505
უკან

სექტორი მხოლოდ პროცენტის სუბსიდირებით კი არ უნდა წავახალისოთ, არამედ იმ მომიჯნავე საკითხების მოგვარებით, რომელიც ქმნიდა პრობლემებს გაყიდვების მიმართულებით, - ამის შესახებ BM.GE-ს სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა მთავრობის მიერ დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს მხარდაჭერა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ბიუჯეტს ეს ხარჯად დააწვება, ამიტომ მალხაზ კუნელაური იმედოვნებს, რომ მხარდაჭერა გრძელვადიანი არ იქნება.

„ყველა ინიციატივა, რომელიც იქნება ბიზნესის მიმართულებით და მის დახმარებისკენ გადადგმული ნაბიჯი, არის მისასალმებელი. მე ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ინიციატივები, რაც დღეს მთავრობამ გააჟღერა, კერძოდ იპოთეკური სესხების პროცენტის თანადაფინანსების, ბიზნესისთვის არის კარგი, თუმცა ბიუჯეტისთვის საგადასახადო ტვირთია და დიდხანს ალბათ ვერ იქნება ეს რეგულაცია, მაგრამ რაღაც მოკლე ვადაში დარწმუნებული ვარ, რომ ეფექტს მივიღებთ“, - განაცხადა „რედკოს“ დირექტორმა.

მალხაზ კუნელაურის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც გაყიდვების ვარდნას უწყობდა ხელს. დეველოპერი რამდენიმე პრობლემას ასახელებს, რომელიც სექტორისთვის მოსაგვარებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ სექტორი მხოლოდ პროცენტის სუბსიდირებით კი არ წავახალისოთ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მომიჯნავე საკითხები, რომელიც ქმნიდა პრობლემებს გაყიდვების მიმართულებით - ბიუროკრატიული პრობლემები, მშენებლობების გახანგრძლივება და ა.შ. სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.

ასევე, მხოლოდ პროცენტის გამო არ იყო გაყიდვები შემცირებული, ეს იყო სეხების გაცემის გართულების გამო. ის ძირითადი სესხი, რომელიც უნდა გაიცეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ სესხის გაცემა მარტივად მოხდეს“, - განაცხადა მახლაზ კუნელაურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა