მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტორიდან კადრების გადინებაა - სამშენებლო კომპანიის დირექტორი

62b9bbae6631e
მარიამ ვარადაშვილი
27.06.22 23:00
4652

მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის მიერ აპრილში მიღებული განკარგულებით ფასების ინდექსაციით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან შეასრულებენ შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამასთან, ინდექსაცია მხოლოდ 1 მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებს შეეხება.

სამშენებლო კომპანია “ინსის”დირექტორი ზვიად თოიძე ამბობს, რომ გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე ინდექსაციის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექტორში დასაქმებულების შენარჩუნება შეძლონ. 

“დადგენილების მიხედვით 40 დღის ვადაში ყველა კომპანია ვალდებული იყო, ვისაც აინტერესებდა ამ დადგენილებიდან გამომდინარე თანხის მიღება საკუთარი დამკვეთებისთვის მიემართა. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ უკვე მიმართა დამკვეთს. ოქტომბრამდე ეს ინდექსი არ იქნება. ინდექსაცია მთლიანად განხორციელებული პროექტის 7%-ს შეეხება, რაზეც გვქონდა პრეტენზია და შენიშვნებიც გაგზავნილი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ამის გათვალისწინება ამ ეტაპზე არ მოხდა. 7% ძალიან მცირეა. ეს ინდექსი, რაზეც შეთანხმება მოხდა სამ კომპონენტს მოიცავს: მასალებისა და საწვავის ფასი და ხელფასი. ამიტომ, საქსტატს გარკვეული პერიოდი სჭირდება მის შესამუშავებლად”, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, სექტორში არსებული შენიშვნები ეკონომიკის სამინისტროსთვისაც ცნობილია. 

“ეს ინდექსი ერთჯერადი არ უნდა იყოს, რადგან ამ ბიზნესს რეფორმა სჭირდება და ეს რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია. სექტორიდან კადრების გადინების პროცესი მიმდინარეობს, რაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. შესაძლოა სხვა კომპანიების შემთხვევაშიც ასეა, თუმცა ჩვენი კომპანიის მაგალითზეა ასეა, რომ ინფლაციის ზრდის შესაბამისად ხელფასის მატება ვერ ხდება. როცა დასაქმებულები აქაური ხელფასით ვერ ახერხებენ ცხოვრების უზრუნველყოფას, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. ყოველ შემთხვევაში ჩვენს სფეროში ასეა. ამიტომ ვამბობთ რომ ეს რეფორმა მხოლოდ ჩვენთვის არ არის. ეს მთლიანად ეკონომიკისთვის ძალიან კარგი იქნება”, - აცხადებს ზვიად თოიძე.