04.მაისი .2021 16:23

სექტორში ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია - შალვა ალავერდაშვილი

სექტორში ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია - შალვა ალავერდაშვილი
views 588
უკან

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფების სტატუსი მიენიჭათ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული მოქალაქეების აცრა, დარგის და შესაბამისად ეკონომიკის სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს, რადგან ქვეყანა ამგვარად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს.

ნათია თურნავამ ისიც თქვა, რომ ის ტურისტული ორგანიზაციები, სადაც თანამშრომელთა უმრავლესობა აიცრება კოვიდ-უსაფრთხო ორგანიზაციის სტატუსს მიიღებენ და მათ სახელმწიფო მარკეტინგულად დაეხმარება. 

უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ინდუსტრია, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიმართავდა მთავრობას სექტორში დასაქმებული მოქალაქეების ვაქცინაციის მოთხოვნით. მათ სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებიც მალევე შეუერთდნენ, თუმცა მაშინ მთავრობის მხრიდან კონკრეტული პასუხი მათ ამ მოთხოვნას არ მოჰყოლია.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ სექტორმა ტელევიზორიდან შეიტყო. 

„გამიხარდა. ყოჩაღ. ახლა მთავარია ეს იდეა, ბევრი სხვა იდეის მსგავსად, იდეად არ დარჩეს და კონკრეტიკაზე დროულად გადავიდეთ“, - განაცხადა bm.ge-სთან ჰოტელიერმა შალვა ალავერდაშვილმა.

ის ამბობს, რომ სექტორში აზრი ორად იყოფა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ინდუსტრიის მონაწილეები დროულად იყვნენ ინფორმირებულები, რათა ამ მხრივ მეტი სიცხადე არსებობდეს. ის ასევე ამბობს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო სასტუმროებისა და რესტორნების სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე ტურიზმის მიმართულებით ქვეყნის იმიჯს გააუმჯობესებს, იძულებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„სასტუმროების უმრავლესობა თბილისში ჯერ ისევ დაკეტილია და ვინც მუშაობს პერსონალის 10%-15%-ს ამუშავებს. ამასთან სექტორში ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია, ვიღაც ვაქცინაციის მომხრეა, ვიღაც არა.

როგორც მივხვდით ეს ჯერ იდეის დონეზეა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან, თუმცა უწყების მხრიდან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილების შესახებ სექტორმა არაფერი იცოდა, ტელევიზორიდან გავიგეთ, რაც ჩვენთვის უცნაურია. სექტორიც უნდა მოემზადოს და ამის შემდეგ უნდა მოხდეს სიების გადაცემა. ქაოსურად ეს ვერ მოხდება. უნდა ჩამოვყალიბდეთ, კომუნიკაცია უნდა შედგეს, პორტალი უნდა შეიქმნას სასტუმროებისთვის ცალკე, რესტორნებისთვის ცალკე.

სექტორში, ისევე როგორც ქვეყანაში აზრი ორად არის გაყოფილი და მე პერსონალს აცრას ვერ დავაძალებ“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

კითხვაზე - უსაფრთო ორგანიზაციის სტატუსის მიღების შემთხვევაში რა სახის მარკეტინგული მხარდაჭერა შეიძლება აღმოუჩინოს სახელმწიფომ ამა თუ იმ ტურისტულ ობიექტს, სასტუმროების „ციტრუსის“, „ზოლეს“ და „ძველი მეიდნის“ მმართველი ამბობს, რომ არ იცის და დიდი მოლოდინები ამ ნაწილში არ აქვს.

„ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ კერძო სექტორს პრომოუშენში დაგვეხმარებიან, ერთ ფეისბუქ პოსტს დადებენ და ეს ითვლება, რომ მსოფლიო გაგვეცნო.

ამ ნაწილში სახელმწიფოსი ნამდვილად არ მჯერა. იმდენად ბუნდოვანია ახლა ჩემთვის ეს საკითხები, რომ რთულია რაიმეს თქმა. კომუნიკაციაც არ გვქონია და ვფიქრობ, სახელმწიფომ დროულად უნდა მოიტანოს ეს ინფორმაცია ჩვენამდე, თუ რას აპირებენ“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.