მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერტიფიცირება ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელისთვის სავალდებულო ხდება

60e3060a357c8
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.21 18:00
1482
დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა, რომელიც ღვინის ახალი კატეგორიების, „დეალკოჰოლიზებული ღვინის“ და ღვინისეული სასმელის დამატებას ითვალისწინებს.

ცვლილებები, ღვინის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი, ასევე სერტიფიცირების საკითხს არეგულირებს.

სერტიფიცირება, რომელიც აქამდე მხოლოდ ექსპორტზე ვრცელდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე სერტიფიცირებას მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი ექვემდებარებოდა, ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელისთვის სავალდებულო ხდება.

მომხსენებელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განმარტა, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით კერძო სექტორს გონივრული ვადა ეძლევა და შესაბამისად, ის 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

პროექტით ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტზე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭება. 

კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.