მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სეს-ი HACCP-ის სტანდარტს არ ნერგავს და არ აქვს სერვისი, რომლის ღირებულება 3 000 ლარია“

60bf8812cc3d0
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 19:23
1954
1 ივნისიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, HACCP-ის პრინციპების შესაბამისად, საქმიანობის წარმართვის ვალდებულება დაეკისრათ. რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს კი სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

სტანდარტების დანერგვის შესახებ სასტუმრო და რესტორან „ტერასას“ მმართველმა პარტნიორმა მაია სიდამონიძემ BM.GE-ს განუცხადა, რომ კვების ობიექტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ურეკავდნენ და სტანდარტების დანერგვისთვის 3 000-ლარიან მომსახურებას სთავაზობდნენ. დარგის წარმომადგენლებს სეს-თან 2 კითხვა ჰქონდათ - რეალურად ვინ ახორციელებდა აღნიშნულ ზარებს სააგენტოს სახელით და სად შეეძლოთ ბიზნესოპერატორებს სტანდარტების შესახებ სახელმძღვანელო ინფორმაციის მიღება.

ამ კითხვებით BM.GE-მ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. როგორც სეს-ის უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ განმარტა, უწყება HACCP-ის პრინციპების დასანერგად ბიზნესთან მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის კამპანიებს აწარმოებს და სააგენტო სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართული არ არის.

„სეს-ის თანამშრომლები ამ საქმეში ჩართულები არ არიან. HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან და ნებისმიერ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო HACCP-ის სტანდარტს არ ნერგავს და არ აქვს ისეთი სერვისი, რომლის ღირებულება 3 000 ლარია. თუ ჩვენს სახელს ვინმე ბოროტად იყენებს, არ ვიცით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არის ინფორმაცია HACCP-ის სტანდარტის დანერგვის შესახებ, როგორც ზოგადი ინფორმაცია, ასევე დართული აქვს ბმულები, მაგალითად, მთავრობის დადგენილება #173, რის შემდეგაც არის HACCP-ის პირველი და მეორე სახელმძღვანელო, შემდეგი ბმულია - „ფერმიდან სუფრამდე“. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნებთან და სარესტორნო ასოციაციებთან არაერთი შეხვედრა გამართა. მიმდინარე კვირას დაგეგმილი გავქვს ანალოგიური ტიპის შეხვედრები ქუთაისსა და ბათუმში. მოწვეული კომპანიები მოვიწვიეთ რესტორატორთა ასოციაციების მეშვეობით. HACCP-ის სტანდარტების ძალაში შესვლამდე ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები გვაქვს გაგზავნილი, სადაც ვებგვერდების ბმულები იყო ჩართული, ასევე მზად გვაქვს ვიდეორგოლები, რათა იმ შემთხვევაში თუ ვინმე ვერ დაესწრო ჩვენ მიერ წარმოებულ შეხვედრებს, დეტალურად გაეცნონ რა მოიცავს HACCP-ის სტანდარტები და ა.შ.“, - განუმარტა BM.GE-ის ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე აღნიშნავს, რომ HACCP-ის პრინციპების დანერგვა მარტივი საკითხია და ხშირ შემთხვევაში ბიზნესსუბიექტები მოთხოვნების დაკმაყოფილებას სეს-ის ვებგვერდზე განთავსებული სახელმძღვანელო ინფორმაციითაც შეძლებენ.

„რაც შეეხება თანხის მოთხოვნას, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან ეს საკითხებიც განხილული გვაქვს. მე რომ ვიყო სარესტორნო ბიზნესის მფლობელი, იმდენად მარტივია HACCP-ის დანერგვა, რომ მე თვითონ გავაკეთებდი. გადაიხდის თუ არა ბიზნესი თანხას ამ სერვისში, ეს მათი არჩევანია“, - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.