მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა ჩვენი წევრი 20-მდე რესტორანი დააჯარიმა - რესტორატორთა ასოციაცია

62027c2d16ae9
ელენე გოგბერაშვილი
08.02.22 20:18
684
რესტორატორთა ასოციაციის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მათი წევრი 20-მდე რესტორანი დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაში 10 000-მდე ობიექტია რეგისტრირებული, რომლისთვისაც HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა. ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, მოთხოვნილ სტანდარტებზე გადასვლა გასული წლის 1 ივნისიდან არის სავალდებულო, თუმცა რადგან ახალ რეგულაციებზე გადაწყობა პანდემიის გამო რთულ პერიოდს დაემთხვა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, ბიზნესს მიმდინარე წლის იანვრამდე გარდამავალი პერიოდი მისცა, თუმცა არც ეს საშეღავათო პერიოდი აღმოჩნდა კვების ობიექტებისთვის საკმარისი, რადგან ინსპექტირების შედეგად საჯარიმო სანქციას უკვე დაექვემდებარა 100 ბიზნესოპერატორი. აქედან თითქმის ნახევარი (48) კი დედაქალაქში ოპერირებს.

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. ინფრასტრუქტურულ ნაწილში აღნიშნული სტანდარტი ადგენს მოთხოვნებს როგორი უნდა იყოს მაგალითად იატაკი, კედლები, ჭერი, სადაც სურსათი მზადდება, ასევე აუცილებელ მოთხოვნებს შორისაა ობიექტს გააჩნდეს გამწოვი სისტემა, გასახდელები პერსონალისთვის და ა.შ.

როგორც ირკვევა კვების ობიექტებს ძირითადად სწორედ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, HACCP-ის მოთხოვნების შესრულება განსაკუთრებით მცირე და საშუალო კვების ობიექტების შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია. თუ სააგენტო ამ ნაწილში გარკვეულ დათმობებზე არ წავიდა, ბურჯანაძე ამბობს, რომ მათი დიდი ნაწილი დაიხურება.

„პრობლემები ძირითადად ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე არსებობს. წლების წინ გახსნილი რესტორნები დღევანდელ მოთხოვნებს ვერ შეესაბამება და გამოსწორებაც ურთულესია. ეს არამარტო ფინანსებთანაა დაკავშირებული გარკვეული რესტორნებისთვის, არამედ თითქმის შეუძლებელია.

ჩვენი ასოციაციის წევრებიდან 15-20 რესტორანია დაჯარიმებული საქართველოს მასშტაბით, ხოლო დაახლოებით 30-ს აქვს გაფრთხილება, რომ ხარვეზი გამოასწოროს.

ის ინფრასტრუქტურა, რაც სავალდებულოა, წარმოუდგენელია ჰქონდეს პატარა და მცირე რესტორნებს. თუ სურსათის ეროვნული სააგენტო დათმობაზე არ წავა, შეიძლება რესტორნების დახურვამდე მივიდეთ“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

რთული სათქმელია ამ ნაწილში რა მიდგომა ექნება სააგენტოს ბიზნესის მხრიდან წამოსულ ინიციატივებზე, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ HACCP-ის სისტემის შესახებ ინფორმირებულია ყველა, სააგენტოს მიდგომა არის პარტნიორული, თუმცა თუ დაინახავენ რომ ობიექტი მოთხოვნილ რეგულაციებზე მოსარგებად არაფერს აკეთებს, მათ, რა თქმა უნდა, სანქციების გამოყენება მოუწევთ.

კანონმდებლობის თანახმად, მცირე ბიზნესი 200-ლარიან, მსხვილი ბიზნესი 400-ლარიან, განმეორებით შემთხვევაში კი 1200-ლარიან საჯარიმო სანქციას ექვემდებარება.