05.ივლისი .2020 10:00

სესხების გადავადება 2021 წლამდე უნდა მოხდეს, შეიძლება ასე გაკოტრებას გადავრჩეთ - სასტუმრო

views 684
უკან

ქუთაისში მდებარე სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელი მერაბ გოგონაძე პანდემიიდან გამომდინარე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ სასტუმრომ 3 თვეში 120 ათასი ლარის ზარალი მიიღო.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას მერაბ გოგონაძე ამბობს, ბანკების მიერ სესხების გადავადება მათთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა სექტორი სესხების მინიმუმ 2021 წლამდე გადავადებას საჭიროებს.

„დღეს არ ვიხდით ბანკის სესხს და ეს ძალიან გვეხმარება და თუ სესხების გადავადება 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება, ამან შეიძლება გადაგვარჩინოს გაკოტრებას. 2021 წლის მარტში თუ გახდება ცნობილი, რომ სეზონი შედგება, მაშინ შეიძლება გადავრჩეთ და თუ არა, მერე რა იქნება, არ ვიცი... სესხების 2021 წლამდე გადავადება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ არ მოხდა ბანკებთან თანამშრომლობა, ან სესხების რესტრუქტურიზაცია მაშინ ოპერირება გაგვჭირდება“, - აცხადებს მერაბ გოგონაძე.

მისივე თქმით, პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, იმისთვის, რომ ქუთაისში ტურიზმი აღორძინდეს და ქალაქი არ იყოს მხოლოდ ღამისთევის ადგილი, დღესვე უნდა გადაიდგას ნაბიჯები. 

„უფრო მასშტაბურად რომ ვთქვათ, თუ დაგეგმილია ქუთაისის დაბრუნება ტურისტულ რუკაზე, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტთან წვდომა ქალაქიდან შესაძლებელი იყოს როგორც ავტობუსებით, ასევე უნდა მოხდეს თბილისი-ბათუმის მარშრუტში ქუთაისის გაჩერების ჩამატება.

იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებსა და პრემიერის შეხვედრაზე ჩემ მიერ გაჟღერებული ამ პრობლემის შესახებ უკუკავშირი არ ყოფილა, შესაბამისად, არ მაქვს ინფორმაცია რა ხდება. ვფიქრობ, რომ პანდემია როდესღაც დასრულება და შესაბამისად შატლების დანიშვნისა და ქუთაისის რკინიგზის სადგურში მატარებლის გაჩერების საკითხის მოგვარება დღეს უნდა მოხდეს. იმის გამო რომ პანდემიაა და შატლებზე არ ვიფიქროთ, ეს შეცდომაა“, - ამბობს მერაბ გოგონაძე.

ქუთაისში სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აუციელებლია რეკრეაციული ზონების მოწყობა და ქალაქის რიგ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარება, რაც გამოაცოცხლებდა ქალაქს და უფრო მიმზიდველს გახდიდა.

„ქუთაისში არ არის რეკრეაციული ზონები, სადაც ტურისტები დიდ დროს გაატარებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი რეკლამირება მოხდეს ქუთაისის. 2008 წლის შემდეგ პუშკინის ქუჩის და მიმდებარე უბნის რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქში არაფერი გაკეთებულა და ახლაც რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა. სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება კი ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდიდა, როგორც უცხოელი ინვესტორისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. შესაბამისად, თუ ხელოვნური ჩარევით არ მოხდა ტურისტული ადგილების მოწყობა ქალაქში, ქუთაისი ისევ ღამისთევის ქალაქად დარჩება“, - განაცხადა მერაბ გოგონაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა