მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხებისა და დეპოზიტების ტენდენციები საქართველოში - ბოლო სტატისტიკა

5e555e0b86c79
თამთა ჯიჯავაძე
25.02.20 23:00
1544
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.83%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.22%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.03%-ით ნაკლები).

ამასთან, 2020 წლის იანვრის განმავლობაში 0.33%-ით, ანუ 51.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 15.89 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.66 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით).

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 26.47 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 216.81 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.41%-ით მეტი). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 696.02 მლნ ლარით, ანუ 6.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.89%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 479.22 მლნ ლარით, ანუ 3.10%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 3.43%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 36.68 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით).

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.89% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.47%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.67%.

ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.50%, ხოლო ევროს წილმა 14.11% შეადგინა.