მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის გაცემის წესში ცვლილებით საცალო სესხების წლიური ზრდა 3 პროცენტული პუნქტით შემცირდება - სებ

6220cd5072143
ელენე გოგბერაშვილი
04.03.22 11:30
4313
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემის წესში ცვლილებები შედის. თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით, ეს ზღვარი 1,500 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

„როცა ჩვენ ამ რეგულაციაზე ვმუშაობდით, მაშინ ვსარგებლობდით 2017 წლის მონაცემებით, ამის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ფასები და ხელფასები, ამის საკომპენსაციოდ გონივრულია, რომ ეს ზღვარი გაიზარდოს 1500 ლარამდე იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ბუფერები შოკის შეწოვისთვის.

ჩვენ გავაკეთეთ გათვლები, თუ რა გავლენა ექნება ამ ცვლილებებს საკრედიტო პორტფელის ზრდაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ცვლილებები ეხება გარკვეულ სეგმენტს, მთლიანი გავლენა არ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ვფიქრობთ, საცალო სესხების პორტფელზე გავლენა იქნება დაახლოებით 3 პროცენტული პუნქტი ანუ წლიური ზრდა შემცირდება 3 პროცენტული პუნქტით. უფრო მეტი გავლენა ამას ექნება სამომხმარებლო სესხებზე, თუმცა აქაც აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა ამჟამად 30%-ს აღემატება, შესაბამისად, აქაც დინამიკა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება“, - აცხადებს ალექსანდრე ერგეშიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის იპოთეკური სესხების გაცემის წესშიც. ახალი პირობების მიხედვით, ბანკებს მოუწევთ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით იქნება განსაზღვრული.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ასეთი ცვლილება საჭიროა იმისთვის, რათა ცვლად განაკვეთზე მიბმული იპოთეკების საპროცენტო განაკვეთის მატებამ ბანკებში ფინანსური რისკები არ წარმოშვას.

ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 მაისიდან უნდა შევიდეს.

„რაც შეეხება ცვლადგანაკვეთიან სესხებს, მას თან ახლავს საპროცენტო რისკი, რაც განსაკუთრებით ამ პერიოდში გაზრდილია, რადგან მოსალოდნელია საერთაშორისო ბაზრებზე დოლარსა და ევროზე პროცენტების გაზრდა, შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საკმარისი ბუფერები ამ შოკების გადასალახად და პროცენტების გაზრდამ არ გამოიწვიოს მათი გადახდისუუნარობა, კომერციულმა ბანკებმა სესხის გაცემისას უნდა გაითვალისწინონ დამატებით 3 პროცენტული პუნქტი შოკი სესხის გაცემისას.

ცვლილებებს იპოთეკურ დაკრედიტებაზე კიდევ უფრო ნაკლები გავლენა ექნება, რადგან 1000-დან 1500 ლარამდე მსესხებლები ძირითადად სამომხმარებლო ტიპის სესხებს იღებენ, შესაბამისად მთლიანობაში ორივე ცვლილების გავლენა იპოთეკურ დაკრედიტებაზე შესაძლოა იყოს 0,5 პროცენტული პუნქტიდან 1 პროცენტულ პუნქტამდე“, - განმარტავს ერგეშიძე.