მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის გამცემი სუბიექტები უკვე 947 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელს ფლობენ

624c110b42995
BM.GE
06.04.22 09:00
1813
სესხის გამცემი სუბიექტები უკვე 947 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელს ფლობენ. შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სადაც სესხის გამცემი სუბიექტების გასული წლის კონსოლიდირებული ანგარიშია გამოქვეყნებული. აქ იგულისხმებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან ფინანსური ინსტიტუტები, თუმცა სესხებს 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცემენ.

2021 წლის ბოლოს ამ სუბიექტებს ქვეყნის მასშტაბით 727 026 კლიენტი ჰყავდათ.

საფინანსო ბაზრის ამ სეგმენტის ძირითადი მომხმარებლები ფიზიკური პირები არიან. მაღალი რისკიანობის გამო მოცულობითია სესხის შესაძლო დანაკარგებისთვის შექმნილი რეზერვიც, რაც 542 მლნ-ს აღწევს. შესაბამისად, მეოთხე კვარტლის ბოლოს წმინდა სესხები 408 მლნ ლარი იყო.

ეროვნულ ბანკში წარდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშით ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლოს, მსხვილ კერძო კრედიტორებს 726 802 ფიზიკური პირზე 888.5 მლნ ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული.

ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხები სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:

• ლომბარდი - 279.4 მლნ ლარი
• სამომხმარებლო სესხები - 262.79 მლნ ლარი
• ონლაინ სესხები - 283.8 მლნ ლარი
• სოფლის მეურნეობა - 26.5 მლნ ლარი
• ვაჭრობა/ მომსახურება - 18.2 მლნ ლარი
• იპოთეკური სესხები - 3.3 მლნ
• ავტო სესხი - 1.3 მლნ
• ბიზნეს სესხები - 0.75 მლნ
• სხვა - 12.9 მლნ

ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ „სესხის გამცემი სუბიექტების“ ჯამური წმინდა მოგება 51 მლნ ლარი იყო.

შეგახსენებთ, სესხის გამცემ სუბიექტების (სგს) სტატუსი ე.წ მევახშეების რეგულირების მიზნით შემოვიდა. პირები, რომელთა მიმართაც სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს და, იმავდროულად, არ გააჩნია ამ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის სტატუსი, ვალდებულნი არიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ და ანგარიშგებები წარადგინონ. ეს მოთხოვნა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.

ამ დროისათვის ბაზარზე სესხის გამცემი 344 სუბიექტია - 182 სათაო ოფისით და 162 ფილიალით. მათ ჯამში 2479 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.