07.ნოემბერი .2022 17:57

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით გაუქმდება

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით გაუქმდება
views 527
უკან

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა.

მისი განცხადებით, სესხის გამცემი იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც დღემდე ინდმეწარმის სტატუსტით ფუნქციონირებდნენ, იურიდიულ პირებად გარდაქმნის შემთხვევაში, მათ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით გაუქმდებათ. შესაბამისად, ცვლილება ე.წ. მევახშე ფიზიკურ პირებზე გავრცელდება.

მისივე თქმით, „ამ ცვლილების მიზანია რეგულაციების ცვლილება ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ჰქონდეს იურიდიული ფორმა ანუ ინდმეწარმე ვეღარ დარეგისტრირდეს სესხის გამცემ სუბიექტად. თუმცა ჩავთვალეთ, რომ არასამართლიანი იქნება, როდესაც ინდმეწარმეს ერთხელ გადახდილი აქვს სარეგისტრაციო მოსაკრებელი, მას იურიდიულ პირად გადაკეთების შემთხვევაში ხელახლა მოუწიოს ამ გადასახადის გადახდა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პაპუნა ლეჟავამ კომიტეტს კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა. „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

კომიტეტში განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა