მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სესხის სუბსიდიამ შეიძლება შექმნას უსამართლობის განცდა“ - კობა გვენეტაძე

5ed8ebaf84a26
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.20 16:46
1023
ზოგადად მთავრობის გადასაწყვეტია რა მიმართულებით წარმართავს დახმარებას, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დეპუტატის შეკითხვას, რომელიც დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პაკეტის შეფასებას შეეხებოდა.

მისი თქმით, სუბსიდირებას ფინანსური სტაბილურობის ფარგლებში დადებითი შედეგები ექნება.

„ზოგადად მთავრობის გადასაწყვეტია, რა მიმართულებით წარმართავს იმ დახმარებას, რომელსაც ის იღებს, მაგრამ ფინანსური სტაბილურობის ფარგლებში ამ ინიციატივას ექნება დადებითი შედეგები, რამდენიმე მიზეზის გამო: 

ვფიქრობ, ეს გაზრდის მოსახლეობის მხრიდან ბინებზე ხელმისაწვდომობას, ამავე დროს შეამცირებს საკრედიტო რისკებს, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა სუბსიდირების უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა ამით ბევრი ქვეყანა სარგებლობს კრიზისულ პერიოდში.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ბევრი ზომა გასულ წელს, როდესაც შემოვიღეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა იმისთვის, რომ ეს ბაზარი არ გადახურებული იყო და იპოთეკურ ბაზარზე ძალიან დიდი ყურადღება გვქონდა. ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის ის რისკები, რომელიც შეიძლება გადახურებამ გამოიწვიოს, ამავე დროს ძალიან კარგად გვესმის რისკები, რომელიც ამ ბაზრის ძალიან დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს იმიტომ, რომ ყველაზე გავრცელებული გირაოს ფორმა დღეს საქართველოში არის უძრავი ქონება და მისი ძალიან დაცემა არ იქნება კარგი ფინანსური სისტემისთვის. ამ შემთხვევაში გარკვეულ დახმარებას ბევრი ქვეყანა მიმართავს.

არის სუბსიდია საუკეთესო გზა? სუბსიდია ყოველთვის აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები.

ნებისმიერმა სუბსიდიამ შეიძლება შექმნას უსამართლობის განცდა, იმიტომ რომ ყველა ვერ ისარგებლებს ამით, მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას, იმისთვის რომ კონკრეტული სიტუაციიდან გამოვიდეს, იგივეა მაგალითად საკრედიტო საგარანტიო სქემაზეც.

ამავე დროს არის რისკი, რომ სუბსიდიის პროგრამის შეწყვეტამ გარკვეული რყევა გამოიწვიოს ბაზარზე, მაგრამ ამის დაზღვევის მექანიზმი არის სუბსიდიის კლებადი მოცულობა, იმიტომ რომ მაშინ როდესაც რეფინანსირების განაკვეთის კლება მოხდება, შეჩერებაც მოხდება ამ სუბსიდიის.

ასე რომ ზოგადად, რადგან არაორდინალური სიტუაცია გვაქვს, არაორდინალური ნაბიჯები სჭირდება ამას და მე არ ვფიქრობ რომ ეს დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, მე ვფიქრობ რომ ფინანსური სტაბილურობისთვის ეს იქნება კარგი“, - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.