მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეულში საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

5e0110362d19e
BM.GE
23.12.19 23:05
903
„ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო აქტიურ ეტაპზე გადადის, შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა - მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის პირველი სხდომაც სეულში ჩავატარეთ და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განვიხილეთ. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი ქვეყნის აქტიური პარტნიორობის და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სეულში საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომისიის სხდომაში, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, იუნ კანგ-ჰიონი უძღვებოდნენ, ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი - მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტ-აპების მხარდაჭერის, ინოვაციების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და შესაბამის ოქმს ხელი მოაწერეს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. გენადი არველაძესთან ერთად კორეის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.