მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სფეროები საქართველოსა და აშშ-ში, სადაც ზაზა ფაჩულიას ბიზნეს ინტერესები აქვს

5eef07fcb3c5d
თამთა ჯიჯავაძე
21.06.20 12:20
3286
ცნობილმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემა ForbesTalks-ში იმ სფეროებზე ისაუბრა, სადაც ბიზნეს ინტერესი გაუჩნდა. ფაჩულიას თქმით, პანდემიამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

„არის სფეროები, რომლის მიმართაც ინტერესი გამიჩნდა... ვმუშაობ ამ პროექტებზე ჩემს გუნდთან ერთად. საკმაოდ საინტერესო მომავალი ჩანს, თუმცა, ძალიან რთულია წინასწარ გათვალო, სად იქნები ხვალ. უნდა გქონდეს ამის მოლოდინი და უნდა გააკეთო ყველაფერი ამისთვის... არავინ ველოდით პანდემიას. შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი -  მაგალითად, ბილ გეითსი ამაზე დიდი ხანია საუბრობს, პანდემია თუ შეაჩერებს ამ სამყაროსო და მართლაც ასე მოხდა“, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

მისივე თქმით, ის ინოვაციების მიმართულებით აგრძელებს მუშაობას ამერიკაში. „ვფიქრობ, ახლა საინტერესო მომენტია, რადგან თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება „ქეში“, ვინაიდან შემოსავალი გაჩერებულია და ახლა ის მომენტია, როცა ინვესტიციის მხრივ Double Down უნდა გააკეთო. ძალიან საინტერესოა უძრავი ქონებაც, შეიძლება ურბანული ადგილები სხვადასხვა ქალაქში განვითარდეს და ამის მაგალითები არის. ისეთი ქალაქები, სადაც ვერ წარმოიდგენდი რომ შეიძლებოდა ცხოვრება, ძალიან მოთხოვნადი ხდება. იმიტომ რომ შედარებით იაფია და დისტანციურ მუშაობას საინტერესოს ხდის“, – აღნიშნა ფაჩულიამ. "მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ Facebook-მა და Twitter-მა დაანონსეს, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ სახლებიდან იმუშაონ და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გარეუბნები განვითარდება, სადაც უძრავ ქონებაზე უფრო ნაკლები ფასია... ასე რომ, ბევრ რაღაცაზე არის საფიქრალი", - დასძინა მან ამ კონტექსტში.

რაც შეეხება საქართველოს, კალათბურთელის თქმით, მას სოფლის მეურნეობა იზიდავს. „ამ მხრივ, ვმუშაობთ მე და ჩემი გუნდი. ქართულ ინოვაციურ სტარტაპებთან ურთიერთობა გრძელდება... ძალიან ახლოს ვართ საქართველოში შემოვიტანოთ ის ინოვაციური პლატფორმა, რაც კალათბურთთან და მეცნიერებასთან არის ასოცირებული. მოლაპარაკება და გატესტვა მიმდინარეობს ამ პროცესის“, – ამბობს სპორტსმენი.