მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შადრევანში ელენერგია უსაფრთხოების ე.წ. რელემ უნდა გათიშოს და არა ავტომატური მართვის პულტმა“

63540756b9e59
BM.GE
22.10.22 19:04
1012
თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე.

ჩანაწერში ისმის მერის მოადგილის განცხადება: „შადრევნის და მცირე კასკადის სამუშაოები სრულად დამთავრებულია, ამ ეტაპზე ხელით მართვაზეა. შენობაში, სადაც საქვაბე იყო, უნდა დადგეს ავტომატური მართვის პულტი, რომელიც ყველანაირი რეჟიმის განხორციელებას შეძლებს“.

ანდრია ბასილაიას განმარტებით, ავტომატური მართვის პულტი არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის განათების თანამედროვე სისტემისა და ლამინირებული ჭავლის სისტემის მართვის ავტომატური პულტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ცვალოს ვიზუალი ეფექტი. აღნიშნული პულტი დამონტაჟდება მხოლოდ და მხოლოდ დიდი კასკადის დასრულების შემდეგ.

„კასკადის სრული რეაბილიტაცია როდესაც დასრულდებოდა, უნდა დამონტაჟებულიყო მართვის ავტომატური პულტი, რომელიც არეგულირებს კასკადის ვიზუალურ რეჟიმებს, როგორც განათების თანამედროვე სისტემას, ისე ლამინირებული ჭავლის სისტემას და ბევრი შესაძლებლობა აქვს ვიზუალური კუთხით. ახლა კი, მცირე კასკადსა და შადრევანში გვქონდა ხელით დაპროგრამებული ვიზუალური ჩართვა-გამორთვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ იყო შადრევანში ე.წ. რელე. ავტომატურ გათიშვას ე.წ. რელე უზრუნველყოფს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანი 12 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა. 13 ოქტომბერს კი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მოზარდები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.