მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა ალავერდაშვილი: დაგეგმარებისთვის გვჭირდება ცოდნა, რა გველოდება ხვალ

6048d75cc9563
ელენე გოგბერაშვილი
11.03.21 10:10
1077
10 მარტს რვა ბიზნესგაერთიანებამ მთავრობას ოთხი მოთხოვნით მიმართა. ორგანიზაციები ხელისუფლებას პოლიტიკური პროცესების დიალოგის გზით მოგვარების გარდა, ქვეყანაში ვაქცინის დროული შემოტანისკენ და ბიზნესსექტორთან კომუნიკაციით ეკონომიკური სტრატეგიის განსაზღვრისკენ მოუწოდებენ.

მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტი პანდემიის პერიოდზე მორგებული 1-წლიანი საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტის მომზადებას გულისხმობს.

რესტორნების და სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი მთავრობისგან კონკრეტულ ინფორმაციას ელის, თუ რა მიდგომა ექნება ხელისუფლებას კერძო სექტორთან მიმართებით მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ მოქმედი საგადასახადო შეღავათები (6 თვით საშემოსავლო გადასახადის შეღავათი და ქონების გადასახადის გადავადება) ამოიწურება.

„იმ შეღავათების მოქმედების ვადა, რაც საგადასახადო კუთხით ტურიზმის სექტორშია, მალე დამთავრდება და ჩვენ გვაინტერესებს რა გველოდება ხვალ, როგორ უნდა აღვადგინოთ ბიზნესი, როგორ უნდა აღდგეს გაკოტრებული კომპანიები, რომლებიც ჩვენ ვერ გადავარჩინეთ და აღარ ფუნქციონირებენ. ბიზნესს სჭირდება დაგეგმვა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ერთობლივ განცხადებაში, რომ დაგეგმარებისთვის გვჭირდება ცოდნა, იქნება თუ არა შეღავათები კიდევ, საერთოდ რას ვაპირებთ, რა გველოდება, რა საგადასახადო პოლიტიკით მივდივართ... მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 2 წლით სასტუმროებისთვის დღგ-ის განაკვეთი 7%-მდე შემცირდა; ასე მოხდა ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში.

გვსურს, ზუსტად იგივე საკითხები გავიაროთ მთავრობასთან და ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს კონკრეტული სექტორებისთვის საშეღავათო პერიოდი და თუ არ იქნება, ესეც უნდა ვიცოდეთ; როცა ბიზნესის გაცოცხლებას დავიწყებ, უნდა ვიცოდე, გადასახდელი მექნება გადასახადები, თუ - არა. ეს არის თემები, რაზეც პასუხები ნებისმიერ ბიზნესს აინტერესებს", - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.