მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა ალავერდაშვილი: "კრება დარჩა მხიარული... მთავრობის გადაწყვეტილებები არალოგიკურია"

60102a164be2b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 19:05
1847
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორში არსებული შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები და მთავრობის მხრიდან გაკეთებული ახსნა-განმარტებები, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამის შესახებ ჰოტელიერმა მთავრობის წევრებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "კრება დარჩა მხიარული", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, გაცილებით მარტივი იქნებოდა, ეთქვათ, რომ მთის კურორტები წელს არ გაიხსნებოდა, რათა სექტორს ტყუილი მოლოდინები არ ჰქონოდა. ამასთანავე, ის ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრის მსგავსი შეხვედრები იანვრის დასაწყისში უნდა შემდგარიყო.

„ერთადერთი მესიჯი იყოს ის, რომ ჩვენთვის უნდოდათ აეხსნათ, რატომ არ უნდა გაიხსნას ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. დღეს როდესაც გვეუბნებიან, რომ მთის კურორტები შეიძლება წელს საერთოდ არ გაიხსნას, ჩვენი სურვილია, რომ ამის შესახებ პირდაპირი პასუხი გვქონდეს - ჩვენ ვამბობთ, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება. ის პასუხი კი არა - აი, ვნახოთ... ასე არ შეიძლება. მთის კურორტებს თავისი სეზონი აქვს, რომელიც მარტში მთავრდება. 1 მარტს რომ მითხრან, გაიხსენიო, 95% მაინც აღარ გაიხსნება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს.

1 თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქით აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება და დღევანდელის მსგავსი შეხვედრა უნდა გვქონოდა 7-8-9 იანვარს, რომ ზუსტად გვცოდნოდა, მთის კურორტები გაიხსნებოდა თუ - არა. დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ვიგებთ, რომ 1 თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და 2 კვირის შემდეგ შეხედავენ, ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ შეიძლება, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლები თვითონ უნდა გამოვიდნენ და გვითხრან, რათა ყოველდღიურ მესიჯს არ ველოდოთ“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, მან არ იცის, რა პასუხი გასცეს პარტნიორებს და რა გეგმით იმოქმედოს ამის შემდეგ.

„ყოველდღიურად გვექნება შეხვედრები... არ ვიცი, რა ვუპასუხო ჩემს მეგობრებს, პარტნიორებს გუდაურსა და ბაკურიანში - რა შედეგით გამოვედით?! ფაქტობრივად, მთის კურორტებზე მეორე სეზონი ჩავარდა; ფაქტობრივად, ობიექტების 60% უკვე იყიდება და ამის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს აქტივები არალიკვიდურ აქტივებად გადაიქცევა და აღარც ბანკებს უნდა ამდენი არალიკვიდური აქტივი. საკმაოდ რთული მდგომარეობა დადგება ეკონომიკაში“, - უთხრა ჟურნალისტებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.

შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ იმის მაგივრად, რომ შეზღუდვების ნაწილში სხვა ქვეყნების გამოცდილება გაითვალისწინოს, თავად უნდა შექმნას რაღაც ახალი პროდუქტი, რაც ეკონომიკის ამოქმედებაში დაეხმარება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ნოვატორები, რისთვისაც საჭიროა ნება, რომ არ უყურო, რას აკეთებს სხვა ქვეყანა. უნდა თქვან, რომ მაგალითად ხსნიან ქვეყანას ყველასთვის, ვისაც კოვიდი მოხდილი აქვს, ეს იქნება ნოუჰაუ და ამას ვინმე დაგვიშლის?!“, - თქვა ჰოტელიერმა.