მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა ალავერდაშვილი: მჯერა, 2022 წელს ტურიზმი საქართველოში $3.3 მილიარდს შემოიტანს

5fad5fecaab94
თელარა გელანტია
13.11.20 10:15
1682
„მჯერა, რომ 2021 წლის აპრილ-მაისიდან ტურიზმი ამუშავდება“, - ასეთი მოლოდინი აქვს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილს; მეტიც, არ გამორიცხავს, რომ 2022 წელს ტურიზმი საქართველოში $3.3. მილიარდის შემოსავალს ისევ შემოიტანს, რითაც 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდება.

ამ მხრივ, შალვა ალავერდაშვილის პროგნოზი იმაზე ოპტიმისტურად გამოიყურება, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოლოდინები, რომლის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სექტორის შემოსავლები 2019 წელს არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას 2024 წელს შეძლებს და შესაბამისად, სასტუმროების, რესტორნებისა და მომსახურების სფეროში არსებული სირთულეები, სავარაუდოდ, უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდევი.

გარდა ამისა, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ტურიზმის ინდუსტრიის სამიზნე 2017 წლის შედეგებზე დაბრუნება უნდა იყოს, რადგან მართალია, ჯამურად, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანამ ყველაზე მეტი - 3.3 მლრდ დოლარის შემოსავალი 2019 წელს მიიღო, მაგრამ უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესისთვის საუკეთესო 2017 წელი იყო.

„მიუხედავად ჯამური ზრდისა, ტურიზმით დაკავებული ბიზნესმენებისთვის შემოსავლების კუთხით რეკორდული იყო 2017 წელი. მაშინ თბილისში სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი წლიურად 86%-დან 89%-ის ფარგლებში იყო, 2018 წელს მცირე კლება დაფიქსირდა, 2019 წელს კი, ეს კოეფიციენტი 62%-65%-ის ფარგლებში იყო, რაზეც გავლენა, რა თქმა უნდა, იქონია იმანაც, რომ წინა წლებში მიღებული მაღალი შემოსავლების რეინვესტირება მოხდა და სასტუმროების რიცხვიც გაიზარდა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც „20 ივნისის მოვლენები“ იყო. არ ვგულისხმობ მარტო რუსეთის ავიაემბარგოს, არამედ ამან გავლენა იქონია სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების ნაკადზეც. ამდენად, ჩვენთვის - კერძო სექტორისთვის, მთავარია, შემოსავლების კუთხით 2017 წლის მაჩვენებელზე დავბრუნდეთ.

რაც შეეხება IMF-ის პროგონოზს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორის შემოსავლები 2019 წელს არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას 2024 წელს შეძლებს, ვფიქრობ, სავალუტო ფონდი ეყრდნობა ზოგადად, მსოფლიოში ტურიზმთან დაკავშირებულ პროგნოზებს, თუმცა საქართველოზე უფრო პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მინდა მჯეროდეს და მჯერა კიდეც, რომ 2022 წელს 3.3. მილიარდ დოლარს შემოვიტანთ ქვეყანაში. მჯერა ისიც, რომ 2021 წლის აპრილ-მაისიდან ტურიზმი ამუშვადება. აქამდე რა პროგნოზებიც გავაკეთე, სწორი აღმოჩნდა. წელს წლიურ ჭრილში ტურიზმი, დაახლოებით, 75%-ით შემეცირდება. შემდეგ წელს ველით 35%-იან კლებას 2019 წელთან შედარებით და იმედი გვაქვს, 2022 წელი შემოსავლების კუთხით 2019 წელს დაეწევა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ახლა ყველაზე მთავარია covid-19-ის ვაქცინა და მასზე ხელმისაწვდომობა.

„გვინდა, გვჯეროდეს, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება და დაახლოებით, შემდეგი წლის აპრილიდან ხალხი დაიწყებს მოძრაობას და ჩვენც გავცოცხლდებით“, - აღნიშნა ჰოტელიერმა.

ცნობისთვის: წელს 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან სულ 499 მლნ დოლარი მიიღო, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს რიცხვი $2.58 მილიარდი იყო ანუ კლება 80.7%-ია.