მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად სამუშაო პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

62df9e2c70df2
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.22 12:00
704
პარლამეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ცალკეული ჯგუფების შექმნა, რეკომენდაციების პირველივე პუნქტს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ელის, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო აქტორები თავის შეფასებებს გააკეთებენ, რომელთა დროულობას თავად პარლამენტის თავმჯდომარე დააკვირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობის ნაცვლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც, ერთის მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით და, მეორეს მხრივ, დაჟინებით მოუწოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

ამის საპირისპიროდ, ბოლო დღეები ვხედავთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან დაკავშირებულმა “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა”, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს.

ნათელია, რომ “ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა “ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილებასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას.

მოხარული ვარ, რომ მოვისმინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიის და საერთაშორისო აქტორის შეფასებები ამ სამპარტიული კოალიციის მიერ წამოწყებული პროცესის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.