მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, შევაქოთ მთავრობა დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის

6321a823175bf
BM.GE
14.09.22 14:07
481
პარლამენტი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ემატება.

"უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც, რომ შევაქოთ საქართველოს მთავრობა, რომელმაც შეძლო, რომ დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დაგეგმილზე მეტი შემოსავალი გვაქვს ბიუჯეტში და დაგეგმილზე ნაკლები ვალი ექნება სახელმწიფოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუ ოპოზიციას აქვს მოსაზრებები გაზრდილი შემოსავლების ხარჯვასთან დაკავშირებით, მსჯელობა ამასთან დაკავშირებითაც გაიმართება.

"მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს და მსოფლიოს აქვს და იმ ეკონომიკური გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს, რეგიონს და მსოფლიოს აქვს, მიუხედავად პანდემიური და პოსტპანდემიური სიტუაციისა, რომელიც მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არის, საქართველოს მთავრობამ შეძლო და ბიუჯეტის და იმ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, რომელიც თავის დროზე ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, ამ დაგეგმილზე მეტი შედეგების მიღება შეძლო. ამიტომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა არის ამ კუთხით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტმა მოამზადა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს კომიტეტებში, ფრაქციებში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მის განხილვას გარკვეულ ვადებში.

„ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი შემოიტანა მთავრობამ წარმოგიდგინეთ განხილვების გრაფიკი კომიტეტებში, ფრაქციებში, პოლიტიკურ ჯგუფებში. გრაფიკის მიხედვით შეგვიძლია განხილვები დავიწყოთ ხვალიდან. შემაჯამებელ სხდომას კომიტეტი 28 სექტემბერს გამართავს. სავარაუდოდ, ჩვენი შენიშვნების რეკომენდაციების, წინადადებების და დაბრუნებული, კორექტირებული ვერსიის გათვალისწინებით 3 ოქტომბრის სასესიო კვირაში პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენი პროგნოზი ახდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და გაზრდილია მაჩვენებელი მშპ 6%, ნაცვლად 8,5%-სა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზრდა არის ყველა კუთხით, მათ შორის, გადასახადების კუთხით ყველა სახის გადასახადია გაზრდილი: დღგ, საშემოსავლო, აქციზი და სხვა.

ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, მე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე ვისაუბრებ და არა ნაერთ ბიუჯეტზე, ასიგნებები, არის 480 მილიონით გაზრდილი და მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ დაფინანსება და აქედან გამომდინარე საინტერესო იქნება ყველა პროფილური კომიტეტისთვის ვინც იხილავს ამ ვერსიას.

გარდა ამისა მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვნად მცირდება დეფიციტი. დღეს ჩვენ ვმუშაობთ 4.4% იანი დეფიციტის პირობებში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიუჯეტის პროექტში სწორედ არის დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება 4.4%-დან 3.2%-მდე, რაც პირდაპირ კავშირშია ინფლაციის შემცირებასთან და ლარის კურსის სტაბილურობასთან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია სახელმწიფო ვალი, რომელიც მნიშვნელოვნად მცირდება. მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-სთან მიმართებაში 39.6 %-მდე.

მაკროეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული, რაც იძლევა იმის საშუალებას რომ ნაკლებ ვალს ავიღებთ. დაახლოებით 700, 710 მილიონით მოხდება ვალის შემცირება. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ მაკროეკონომიკური და მონეტარული თვალსაზრისით უკეთესი ბიუჯეტი გვექნება“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ბიურომ ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების განხილვის გრაფიკი დაამტკიცა.