მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი სკანდინავიურ ქვეყნებს ეწვევა

62a4d43858dee
BM.GE
11.06.22 21:40
1217
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს - ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა.

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე მასუდ გარახანისთან, სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან.

დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას დანიის დედოფალთან, მარგარეტ მეორესთან გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰენრიკ დამთან. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე მატი ვანჰანენთან და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ. შალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ მინისტრ სანა მარინს, ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს. ასევე, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის - პაასიკივი-სეურას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

სკანდინავიურ სახელმწიფოებში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში დაასრულებს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის აუდიენცია შვედეთის მეფესთან, კარლ XVI გუსტავთან. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან, რობერტ რაიდბერგთან.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.