23.იანვარი .2022 16:10

შარშან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო – ირინა მილორავა

შარშან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო – ირინა მილორავა
views 523
უკან

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) ყოფილი თავმჯდომარის ირინა მილორავას შეფასებით, გასულ წელს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც მან ამ თემაზე "საქმიან დილაში" საუბრისას განმარტა, სემეკ–ი ვალდებულია არა მხოლოდ მომხმარებლის, არამედ ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიის ინტერესზეც იფიქროს.

"მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც მას უნდა მიეღო. რა თქმა უნდა, მე მახსოვს ეს ვნებათაღელვა ყოველ ჯერზე, როცა ტარიფის გაზრდა ხდებოდა და როდესაც მარეგულირებელმა კომისიამ გაზარდა გასულ წელს ტარიფი, ეს იყო ერთმნიშვნელოვნად სწორი გადაწყვეტილება.

ძალიან ხშირად, მარეგულირებელ კომისიაზე მოდის ბრაზი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ელექტროენერგიაზე, რომელიც არის ისეთივე პროდუქტი, როგორც ნებისმიერი სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტი – პური, შაქარი, ზეთი და ა.შ. მასაც აქვს ღირებულება, თვითღირებულება და მარეგულირებელი კომისია ვალდებულია, როდესაც ხარჯი იზრდება, ეს ტარიფში ასახოს. რა შედეგს მივიღებთ წინააღმდეგ შემთხვევაში? – ჩვენ მივიღებთ გაკოტრებულ ენერგეტიკულ საწარმოებს, რაც ნიშნავს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუარესებას და ცოტა უკან თუ გავიხედავთ, გვახსოვს, საიდან წამოვედით. ამიტომ სემეკ–ს არ აქვს ეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და ა.შ, მას აქვს დაბალანსების ვალდებულება. იგი ვალდებულია, თანაბრად შეხედოს ორივე ინტერესს – მოსახლეობისა და მომხმარებლის ინტერესს და ეს ინტერესი ავალდებულებს მას, ყველა ხარჯი, რომელსაც ჩაუტარდება მარეგულირებელი აუდიტი, ძალიან სკურპულოზურად გაიაროს და არცერთი გაუმართლებელი ხარჯი არ მოახვედროს, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა საუბარია ენერგეტიკული ობიექტის ინტერესზე, იქ ვალდებულია მისცეს ის მინიმალური მოგების მარჟა, რომელიც მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია", – განმარტა ირინა მილორავამ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან, "თელმიკოსა" და "ეპ მიწოდების” აბონენტებისთვის ელექტროენერგია გაძვირდა და მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა, თუმცა გასულ წელს მთავრობამ ეს მატება დაუსუბსიდირა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ კერძო სექტორის ნაწილსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა. ეს ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ 10.5 ლარი იყო. "თელასის" ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში დენის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, "ენერგო-პროს" 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის.

მიმდინარე წლიდან კი სუბსიდიის ეს მასშტაბური პროგრამა შეწყდა და ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი ხარჯის ანაზღაურებას მთავრობა მოსახლეობის მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის – სოციალურად დაუცველებისთვის აგრძელებს.